ვაჟა სირაძისგან განსხვავებით, კახა კალაძე აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებას ადასტურებს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ გენმდივანი კახა კალაძე გუშინ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებას ადასტურებს. 

„დიახ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

მისივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ, თუ გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება რეაგირება.

„ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერ შეუზღუდავს ვერავინ, ჩვენ ეს მოვიპოვეთ 2012 წლის შემდეგ, ეს პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. თუ გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება რეაგირება. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა დიდი და გზა გადაკეტილია, ეს არის კანონის დარღვევა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული და ეს სცდება კანონის ფარგლებს და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით,  25 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.

"გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გაკრვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“, -განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყეს. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს