ჩვენ არ ვართ ის თაობა, რომელსაც რამით შეაშინებენ! - სტუდენტების პასუხი დე ფაქტო რეჟიმს

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ბინადრობის უფლების ჩამორთმევით ემუქრება, რაც მათ აფხაზეთში შესვლას შეუზღუდავს.

"მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ისინი მაინც საქართველოში წავიდნენ სასწავლებლად. კანონის თანახმად, პირი, რომელიც ბინადრობის უფლებას იღებს, 6 თვე უწყვეტად უნდა ცხოვროვდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მინდა, ვუთხრა აქედან წასულ სტუდენტებს, რომ მათ გაუუქმდებათ საბუთი და აქ შემოსვლას მხოლოდ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების სტატუსით შეძლებენ", - განაცხადა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

დე ფაქტო რეჟიმმა სტუდენტებზე ზეწოლა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გააძლიერა. მაშინ ახალგაზრდები დასაშინებლად საგანგებო ღონისძიებაზე შეკრიბეს, პარალელურად კი ენგურის ხიდი ჩაუკეტეს.

დე ფაქტო რეჟიმის მცდელობა, აბიტურიერებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონკტროლირებად ტერიტორიაზე სწავლაში ხელი შეეშალა, უშედეგო აღმოჩნდა: სხვადასხვა გზებთ, მათ შორის მავთულხლართებში გამოძრომით ახალგაზრდებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს. საქართველოს მთავრობამ კი მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საპასუხოდ ყველა დარეგისტრირებულ სტუდენტს უგამოცდოდ ჩარიცხვის საშუალება მისცა.

ნადარაია ჯერ კიდევ მაშინ ღიად გამოხატავდა აღნიშულით უკმაყოფილებას და აცხადებდა, რომ «ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან წასულ ბავშვებს რევანშისტებად ზრდიან»:

„სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ დავარღვიოთ ადამიანის განათლების მიღების უფლება და მაქსიმალურად შევამციროთ იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოში გააგრძელებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზურ უნივერსიტეტებთან, სადაც გალის რაიონის კურსდამთავრებულებს უფასო ფაკულტეტებზე იღებენ. საუკეთესო სტუდენტებს ვაძლევთ სტიპენდიას, რათა შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო იმ შეთავაზებებთან, რომლებსაც ქართული მხარე აკეთებს. ეს ყველაფერი თავის შედეგს იძლევა. თუ წინა წელს აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლა 20-მდე კურსდამთავრებულმა გააგრძელა, წელს მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა და ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ მოიმატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ეს არის გალის მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი“, – აცხადებდა თავის დროზე ნადარაია.

ახლა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. მისი ახალი ინიციატივა სტუდენტებს საკუთარ სახლებში ჩასვლის საშუალებას უზღუდავთ და აყენებს არჩევანის წინაშე: ან ქართული განათლება, ან რუსული; ან ქართული განათლება, ან ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

იმის გასარკვევად, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით თავად სტუდენტები,„აქცენტი“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

ს.ძ. - „ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და ამ წლების მანძილზე აფხაზეთში სულ იყო პრობლემები. პირდაპირ არასოდეს უთქვამთ, რომ გვასახლებდნენ, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ უარი გვეთქვა იქ ცხოვრებაზე. ბოლო პერიოდში მიხვდნენ, ეს ხერხები რომ არ ჭრიდა და გაასმაგებულ მოქმედებაზე გადმოვიდნენ. არ გვაძლევდნენ მშობლიურ ენაზე სწავლის, ხიდზე ფულის გადახდის გარეშე დროულად გადასვლის და მეზობლის სახლში "სპრავკების" გარეშე სიარულის უფლებას (არაფერს ვამბობ უკანონო და უსამართლო შეზღუდვებზე), მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არ დავნებებულვართ. სწავლის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგრძელება რომ გვინდოდა, ხიდი დაგვიკეტეს და ამასაც არ შევუშინდით. მავთულხლართებში გავძვერით და ჩვენი მიზნებისთვის უდიდესი რისკის ფასად გავედით სამშვიდობოს. ყოველდღე ვრეკავთ სახლში და ტელეფონებიდან ვუყურებთ ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, სახლის ეზოებს და ქუჩებს, სადაც წლების წინ ბავშვები ვიკრიბებოდით და სკოლაში მიმავალნი უამრავ  გეგმასა თუ მიზანს ვისახავდით. აბიტურიენტობისას შუა სემესტრში თითქმის ორი თვით ჩაგვიკეტეს ხიდი. ჯერ კიდევ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ ბოლომდე მისვლა ასე ადვილი არ იქნებოდა. დღეს კი ბატონი ნადარაია, ადამიანი, რომელიც არც კი ვიცი, რატომ არის ასე სასტიკი, აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა ჩვენი შეჩერებისთვის (ამით აღიარებს იმას, რომ ხიდის ჩაკეტვის მიზანი 27 ივნისის ღამეს ჩვენი შეჩერება იყო) და გვეუბნება, რომ ბინადრობის მოწმობებს გაგვიუქმებს...  სასაცილოა! როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს ყოველგვარი ადამიანური ფაქტორების უგულებელყოფით იყოს ასეთი საბრალო და ისიც კი არ იცოდეს, რატომ ემორჩილება დამპალ  დამპყრობელ იმპერიას?! რის საფუძველზე ჰგონია, რომ აფხაზეთი ცალკე ავტონომიაა, როცა ელემენტარულად, უამრავი სკოლაა, სადაც ეს ვითომდა "სახელმწიფო ენა" არ ისწავლება! ჩვენ არ ვართ ის თაობა, რომელსაც რამით შეაშინებენ!  ურთულესი დღეები გამოვიარეთ და ვთვლი, რომ ახლა ჩვენი დროა. მალე ყველა "რუსეთის აჩრდილ" პიროვნებას მიეზღვება საკადრისი, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ეს მუქარა იქნება ფუჭი და ამაო ჩვენთვის! ბატონო ნადარაია, სანამ დრო გაქვთ, შეაგროვეთ თქვენი "ვეშები", თორემ მერე მაგასაც დაკარგავთ ჭკუასთან ერთად და ძალიან გაგიჭირდებათ!“.

მ.ა. (20 წლის) - მათთვის, ვისაც გვახსოვს ახლო წარსული და საზღვრის გადალახვა სხვადასხვა ხერხებით (ენგურის გადაცურვა თუ მავთულხლართების ქვეშ გაძრომა), ბინადრობის მოწმობა იყო დიდი კომფორტი და იმედი,  რომ საზღვარზე მშვიდად გადასვლის მერე ასევე მშვიდად დავბრუნდებოდით უკან, სახლებში. სხვა დროს ისიც საკითხავი იყო, ღამით ქუჩაში ვრჩებოდით, თუ გალის იზოლატორში. კომფორტული ცხოვრება (ყველაფერი შედარებითია) დიდხანს არ გაგრძელდა და ახლა საუბარია ამ საბუთის ჩამორთმევაზეც, რაც ძალიან დიდ ზიანს მოგვაყენებს მე, ჩემს მშობლებს, ახლობლებს, ნაცნობებს, ჩემს აფხაზეთს და ვფიქრობ, დანარჩენ საქართველოსაც. საბუთების ჩამორთმევა მიზნად ისახავს იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის, კიდევ უფრო, შევიწროებას, ზეწოლას, რომ დანებდნენ, დავნებდეთ ჩვენ ყველა და საბოლოოდ ქართული მიწა დარჩეს ქართველების გარეშე. განსაკუთრებით ძნელი იქნება შეგუება იმასთან, რომ შეიძლება, სახლი და მშობლები ვერ ნახო, ან ნახო წელიწადში ერთხელ. დღესასწაულებს ისინი შენს გარეშე აღნიშნავენ, ან შენს გარეშე თუ იქნება, შეიძლება, აღარც აღნიშნონ. მრავალ გაჭირვებაგამოვლილ ხალხს ახლა უკვე ყველაზე ძვირფასს - შვილებს, მშობლებს და მათ სითბოს ართმევენ“.

მ.ლ. (19 წლის) – „ნადარაიას მიზანია, ის სტუდენტები, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას, არჩევანის წინაშე დააყენოს – ან სწავლა, ან სახლი... ჩემს რამდენიმე კლასელს არ აქვს არანაირი საბუთი აფხაზეთში გადასასვლელად (ვერ მოასწრეს სკოლის დამთავრებამდე რომელიმე მათგანის პირდაპირი მნიშვნელობით მოპოვება), ამიტომაც წლებია, სახლები არ უნახავთ... ვფიქრობ, თუ ბინადრობის მოწმობას გამიუქმებენ, მეც მათ ბედს გავიზიარებ... რთულია, გადაჭრით ვთქვა, რას გააკეთებენ მომავალი აბიტურიეტები. აუცილებლად იქნებიან ისეთები, რომლებზეც იმოქმედებს არსებული ვითარება. იქნებიან ისეთებიც, განათლებას რომ დააყენებენ წინ. ოჯახს ეკისრება ამ შემთხვევაში დიდი როლი. ბევრი მშობელი საკუთარი შვილის მომავალზე გააკეთებს აქცენტს, მით უფრო, რომ გაცილებით უკეთეს ხარისხს უფასოდ და უგამოცდოდ სთავაზობენ ქართული უნივერსიტეტები. ვფიქრობ, მომდევნო 2-3 ნაკადი კურდამთვრებულებისა არჩევანს მაინც ქართულ სასწავლებელზე შეაჩერებს. აი, შემდეგ უკვე უფრო რთულად იქნება საქმე. გაოგნებული ვუსმენ ხოლმე ახალ თაობას, ქართულად ვეღარ მეტყველებენ გამართულად. აშკარად ჩანს რუსულის გავლენა. რუსულად ესაუბრებიან ერთმანეთსაც. ენობრივი ბარიერი კი საბოლოოდ შედეგს გამოიღებს“.

„აქცენტი“ ესაუბრა ადგილობრივ მასწავლებელსაც.

„დავიწყოთ იმით, რომ ნადარაიას მუქარები უმეტეს შემთხვევაში სისრულეში მოჰყავთ, შესაბამისად, შიში ბინადრობის უფლების გაუქმებისა რეალუარია. ახლა მთავარი გადაწყვეტილება ოჯახებზეა - რაზე გააკეთებენ არჩევანს, შვილების განათლებაზე, თუ სხვა რამეზე. ამჟამად არსებულ რეალობაში მშობლებმა არჩევანი განათლებაზე გააკეთეს და სტუდენტების დიდი ნაწილი, ვისაც არც აქამდე ჰქონია ეს საბუთი, ისედაც ენგურს გაღმა ცხოვრობს. ალბათ, იგივე არჩევანს გააკეთებენ მომავალი აბიტურიენტები კიდევ რამდენიმე წელი, თუმცა შემდეგ რა იქნება – რთულია, განსაზღვრო. დიდი მნიშვნელობა აქვს სახლმწიფოს მიერ შეთავაზებულ უგამოცდოდ ჩარიხვის პროგრამას. ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან ის ბავშვებიც შეძლებენ გაღწევას, ვინც მეტ-ნაკლებად ცუდად სწავლობს, მაგრამ აქ დარჩენა მათი მომავლის დასრულებაა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი პროფესიულ განათლებას მაინც მიიღებენ და სხვა რეალობაში იცხოვრებენ. აქ ახალგაზრდებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. არიან და იქნებიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც თავადაც გაყვებიან შვილებს. დღეს უკვე ამ შესაძლებლობას ბევრი განიხილავს, რაც სოფლებს თანდათან დაცლის. მიზანიც ალბათ, ესაა. არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ და წავლენ სოხუმში სასწავლებლად. უკვე მიღებული გადაწყვეტილებით, ამჟამად ერთი მოსწავლე გვყავს“, - აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი.

მანვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხზე ხვალ, 27 ნოემბერს გალში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იკრიბებიან, რათა რუსეთის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმები განიხილონ.

„დავალება გვაქვს, კლასის დამრიგებლებმა ყველა სკოლიდან მე-11 კლასის მოსწავლეები, ხვალ მივიყვანოთ შეხვედრაზე. ალბათ, გააცნობენ პროგრამებს, რომელიც სპეციალურად ჩვენი ბავშვებისთვის იქნება შეთავაზებული, რათა რაც შეიძლება, მეტი მათგანი გადაიბირონ“.

გალში მსგავს შეხვედრებს ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა მართავს, რომელიც თავის დროზე ადგილზე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნაზე საუბრობდა.

„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, სოხუმში წასვლა, აქ კი, ადგილზე შეეძლებათ სწავლა და თან სრულყოფილი დიპლომის მიღება“, - აცხადებდა პოლოსკოვა.

„აქცენტი“ ესაუბრა გალის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიასაც, რომელიც ეროვნული გამოცდების შემოღების დღიდან კურირებს გალში მცხოვრები აბიტურიენტების საკითხებს. შონია თვლის, რომ მუქარით სტუდენტების შეჩერებას ვერ მოახერხებენ, ამიტომ სჯობს, სხვა მიდგომები შეიმუშავონ და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების განათლებას.

„ასეთი რადიკალური მიდგომების გამო, სამწუხაროდ, მეტი ახალგაზრდა დატოვებს მშობლიურ რაიონს, მშობლიურ აფხაზეთს და სწავლას გააგრძელებს იქ, სადაც უფრო ხარისხიან განათლებასა და ცოდნას მიიღებს, სადაც არ ექნება  შეზღუდვები და შიში იმისა, რომ დარღვეული იქნება მისი, როგორც მოქალაქის უფლებები.  ვფიქრობ, სოხუმმა სხვა ნაბიჯები უნდა გადადგას გალის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის, მასწავლებლების  სასარგებლოდ და ხელი შეუწყოს  სკოლებში  თუ უმაღლეს სასწავლებლებში მსოფლიოში აპრობირებული ბილინგვური მეთოდის გზით ქართული და აფხაზური ენების თანაბარუფლებიან სწავლებას, ორივე ენის ფლობის კონსტიტუციური უფლების დაცვას და  განვითარებას. მობინადრის სტატუსის მინიჭება-გაუქმებითა თუ სხვა იძულებითი მეთოდებით ვერ მოხდება ახალგაზრდობის ინტეგრაცია, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება“, - აცხადებს ნონა შონია.

ყოველივე ზემოთხსენებული ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმისა, რაც გალის რაიონის ქართული მოსახლეობისგან ეტაპობრივ დაცლას განაპირობებს. კიდევ რა ხერხს მიმართავს დე ფაქტო მთავრობა და რა არჩევანს გააკეთებენ აბიტურიენტები, დრო გვიჩვენებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია  კი მომავალი წლის მარტიდან დაიწყება.

2005 წლიდან (პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდიდან) დღემდე გალის რაიონის ომამდელი საზღვრებიდან ქართულ სასწავლებლებში 1700-მდე (1616) მოსწავლეა ჩარიცხული. დაახლოებით ასეთივეა «ჩაჭრილთა», თუმცა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რაოდენობაც.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ