«გეოეკონომიკური როლის არმქონე საქართველოს რუსეთისგან დაცვა დასავლეთს ნაკლებად დააინტერესებს»

"აქცენტის" ინტერვიუ რონდელის ფონდის უფროს  მეცნიერ-თანამშრომელთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძესთან.  

- 27 თებერვალს მუქარანარევი განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით ორი რუსი მაღალჩინოსნისგან – თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინისგან მოვისმინეთ. ორივე შემთხვევაში თბილისისადმი მთავარ პრეტენზიად, ტრადიციულად, ნატო-სკენ სწრაფვა დასახელდა. თუმცა იმავე დღეს პრაღაში დაგეგმილი იყო გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, რომელზეც ამჯერად «ტვირთბრუნვის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმების შესახებ» რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზეც უნდა ემსჯელათ. როგორ ფიქრობთ, შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს დროში შოიგუსა და კარასინის განცხადებები, თუ ეს თბილისზე მორიგი ზეწოლის მცდელობა იყო? თუ კი, მაშინ რომელ თემასთან მიმართებაში და რა მიზნით?

ტრადიციულად, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრების წინ ვრცელდება ხოლმე კომენტარები, რაც მედიის მხრიდან ინტერესის გამოხატვას უკავშირდება.

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ეხებოდა თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება ამ შეხვედრას. თუმცა ორივე განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი შეუძლებლად თვლის საქართველოს მიერ მასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, სანამ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე არ იტყვის უარს.

- კარასინმა საქართველოსადმი პრეტენზიის გამოთქმისას ისიც აღნიშნა, რომ «საკმაოდ ხშირად იქნატო-ს მასშტაბური წვრთნები ტარდება და საქართველო ხელს უწყობს იმასრომ მასში რეგიონისსხვა ქვეყნებმამაგალითად სომხეთმა მიიღოს მონაწილეობა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

რუსეთი არ მალავს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოზიციას გაამყარებს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მისთვის პრობლემას წარმოადგენს.

- საყურადღებო იყო, ალბათ, კარასინის კიდევ ორი განცხადება: 1) ჩვენ ვცდილობთ, ვუბიძგოთსაქართველოს იმისკენრომ ჩვენს ურთიერთობებში არასასიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს“; 2) „პრაღის შეხვედრის მთელი ტონალობა ერთ სავაზნეში იყო იმასთან, რის შესახებაც ზურაბ აბაშიძემ ჩემთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა“. თავად ზურა აბაშიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილს პრაღის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მის რეზიდენციაში სტუმრობისას «მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა, როგორც მმართველი პარტიის ლიდერს» და რომ «ივანიშვილისგან კარასინთან პრაღაში არანაირი გზავნილი არ წაუღია». თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთსა და აშშ–ს ურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს აძლევს, მოსკოვმა კი ამით გვითხრა, რომ «კარგად იცისრაზე ვესაუბრებით ქართველები ამერიკელებს, შეგვახსენა, რომ მათთან სხვა შეთანხმება გვაქვს და თუ ჩვენ მას დავარღვევთ, მოსკოვის მხრიდან სიურპრიზები გველის“. მსგავსი მოსაზრება აქვს ოპოზიციასაც: «პრაღის ფორმატი ივანიშვილისთვის რუსეთთან ვაჭრობის პლატფორმაა იმ «წითელ ხაზებზე», რომელიც თბილისმა დასავლეთთან ურთიერთობისას არ უნდა გადაკვეთოსო». ზოგიერთები ამავე კონტექსტში განიხილავენ ანაკლიის პორტის საკითხს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება აბაშიძე-ივანიშვილის შეხვედრას, როცა ამ თემის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, „ზურაბ აბაშიძე ჩემი პირადი წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობაშიო [...]», ვეჭვობ, ბატონ აბაშიძეს ამაზე გულიანად გაეცინა... ძნელი შესამჩნევი არაა, რომ მაშინ, როცა «ქართული ოცნების» მმართველობის პერიოდში მამუკა ბახტაძე უკვე მეოთხე პრემირ-მინისტრია და ამავე პერიოდში ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოიცვალა, ზურაბ აბაშიძე უცვლელად რჩება თავის თანამდებობაზე. დიდი ალბათობით, იგი მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს თვლის თავის უფროსად. შესაბამისად, მათი შეხვედრებიც სრულიად ლოგიკურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს „არაფორმალური მმართველობის“ შესახებ უკვე ფართოდ დამკვიდრებულ აზრს.  

თავად აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატზე კი ადრეც არაერთხელ გამომითქვამს კრიტიკული აზრი. მისი მთავარი ნაკლოვანება იმაშია, რომ განსხვავებით ჟენევის ფორმატისგან, სადაც მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება, პრაღაში ჩვენ მარტონი ვრჩებით რუსული მხარის პირისპირ, რაც ხიფათს შეიცავს, განურჩევლად იმისა, აკავშირებთ თუ არა აბაშიძესა და კარასინს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობები.

მეორე საკითხი კი სწორედ ისაა, რომ ეს ფორმატი შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან ივანიშვილის კავშირის პირად არხს წარმოადგენდეს. ფაქტია, რომ რუსებიც და დასავლეთიც ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ სხვადასხვა გზავნილებს აწვდის და რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია. ყოველ შემთხვევაში, რუსული მხარე ღიად გვეუბნება, რომ ჩვენი თანამშრომლობა და დაახლოება დასავლეთთან შეუთავსებელია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან.

- კარასინმა საქართველოს პირველ პირებს ნატო-სკენ «დაჩქარებული» სწრაფვა, ასევე განცხადებების «სიხისტე» დაუწუნა და უკრაინული სცენარით დაგვემუქრა - «იქაც ასე იწყებოდა ყველაფერიო».  რამდენად რეალურად გეჩვენებათ მსგავსი პერსპექტივა  და ხედავთ  თუ არა სადღეისოდ ამის რაიმე წინაპირობებს?

მუქარა სრულიად რეალურია, ხოლო ის, გადადგამს თუ არა რუსეთი ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, გარკვეულწილად ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ არ მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება (რეალობაში საპირისპირო ხდება) და საერთაშორისო ფუნქციის ზრდა - მაგალითად უფრო დიდი როლის თამაში კასპიის და შავი ზღვის რეგიონების დაკავშირებაში (ანაკლიის პროექტის ჩაშლა, თუ ეს დაუშვეს, ამ მხრივ უმძიმეს შედეგებს გამოიღებს), მაშინ ჩვენს პარტნიორებს რუსეთისგან ჩვენი დაცვის სურვილი ნაკლებად ექნებათ: არადემოკრატიული და გეოეკონომიკური ფასეულობის არმქონე ქვეყანა დასავლეთისთვის ნაკლებად იქნება საინტერესო.

- საქართველოს ხელისუფლება რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - «აზერბაიჯანი გაზის მოწოდების კუთხით მონოპოლისტი არ უნდა იყოსო». აზერბაიჯანმა საქართველოში იურიდიულ პირებს გაზი გაუძვირა. იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აკეთებდა განცხადებებს, სომხეთის პრემიერ–მინისტრი ირანში იმყოფებოდა და სხვა თემებთან ერთად, გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში საქართველოსთან ერთობლივი (სამმხრივი და ოთხმხრივი – რუსეთის ჩართვით) პროექტების პერსპექტივებზე მსჯელობდა. ამას წინ უძღოდა ცოტა ხნის წინ პრემიერების ნიკოლ ფაშინიანისა და მამუკა ბახტაძის მოულოდნელი არაფორმალური შეხვედრა საქართველოში და შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში.  ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს ჩამოთვლილ მოვლენებს შორის და თუ კი, რასთან გვაქვს აქ საქმე?

დიახ, თეორიულად სჯობს, ენერგომატარებლების მოწოდებაში ქვეყანა მხოლოდ ერთ წყაროზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ დივერსიფიკაცია მაშინ ხდება, როცა მოწოდების ერთზე მეტი სანდო წყარო გაქვს. აზერბაიჯანის, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გაზის „დაბალანსება“ რუსულით სრული აბსურდი მგონია. თავად საქართველოს აქვს მწარე გამოცდილება იმისა, რამდენად არასანდოა რუსეთი, როგორც გაზის მომწოდებელი (ყველას კარგად გვახსოვს 2006 წლის იანვარი) და დღესავით ნათელია, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის გამოიყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით.

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"