ალაფიშვილი ხელისუფლებას მომიტინგეთა მიმართ საკონსტიტუციო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლებას მომიტინგეთა მიმართ საკონსტიტუციო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ალაფიშვილი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, შენობის ბლოკირების საფუძვლით მიტინგის დაშლა დილის 5 საათზე, როდესაც იმ შენობაში სამუშაო პროცესი არ მიდის, კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის.

რაც შეეხება შეშით დატვირთული მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ფაქტს, ალაფიშვილის თქმით, მოქალაქეთათვის საკუთრების ჩამორთმევა მძიმე ჩარევაა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში და მას კანონით გათვალისწინებული საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს:

„გუშინ შუაღამისას, ყინვაში არ არსებობდა არც კანონით გათვალისწინებული საფუძველი და არც გონივრული ლეგიტიმური მიზანი რაც საკუთრების ჩამორთმევას გაამართლებდა. თუკი ლეგიტიმური მიზანი არსებობს იგი მიღწეულ უნდა იქნეს ნაკლებად შემზღუდველი და ვარგისი საშუალებით. საკუთრების უფლების შელახვით, პრაქტიკულად მეორე კონსტიტუციური უფლების განხორციელებაშიც მოხდა ჩარევა, ეს არის მშვიდობიანი შეკრების უფლება“.

იურისტი „არალეგიტიმურ ჩარევად“ აფასებს დღეს დილით ძალოვანების მიერ პარლამენტთან მისასვლელი გზების გადაკეტვის ფაქტს:

„დღეს უკვე ვხვდებით კიდევ ერთ კონსტიტუციურ უფლებაში, ჩემი აზრით არალეგიტიმურ ჩარევას. ეს გახლავთ გადაადგილების უფლება. და ეს უფლება იზღუდება არა მხოლოდ მომიტინგეების მიმართ, არამედ იქ მცხოვრებთა, მომუშავეთა, ვიზიტორთა თუ ტურისტთა მიმართაც“. 

ცნობისთვის: ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. პოლიციელები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც აქციის მონაწილეები არ არიან. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"