პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ადმინისტრაციაში შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგება.

“შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან.  ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

"შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე დაიწყება. ჯერჯერობით კვლავ უცნობია აპირებს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიის აღდგენას", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს