„ევრაზიის სახალხო კავშირი“ გალელი მოსწავლეების გადასაბირებლად შეხვედრებს მართავს

ხვალ გალში „ევრაზიის სახალხო კავშირის“ ორგანიზებით მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამჯერად მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან. 

როგორც „აქცენტს“ ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, შეხვედრა მე-11 კლასელთა სწავლის გაგრძელების საკითხს შეეხება. 

„დავალებული გვაქვს, კლასის დამრიგებლებმა ყველა სკოლიდან მე-11 კლასის მოსწავლეები ხვალ შეხვედრაზე მივიყვანოთ. ალბათ, გააცნობენ პროგრამებს, რომელიც სპეციალურად ჩვენი ბავშვებისთვის მომზადდა, რათა რაც შეიძლება, მეტი მათგანი გადაიბირონ“, - აცხადებს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი. 

გალში მსგავს შეხვედრებს ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა მართავს, რომელიც თავის დროზე ადგილზე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნაზე საუბრობდა. 

„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, სოხუმში წასვლა, აქ კი, ადგილზე შეეძლებათ სწავლა და თან სრულყოფილი დიპლომის მიღება“, - აცხადებდა პოლოსკოვა. 

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად წასულ სტუდენტებზე ზეწოლა გააძლიერა. კერძოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სასწავლებლად თბილისში წასულ ახალგაზრდებს აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება