გრიგორი კარასინი კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეცვლას არ გამორიცხავს

რუსი სენატორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან “Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“რუსეთის ხელმძღვანელობის დავალება [გაეგრძელებინა მუშაობა პრაღის ფორმატში – რედ.] მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აღვიქვი, რადგან ამ მიმართულებით 7 წლის განმავლობაში დიდი ერთობლივი ძალისხმევა იქნა გაწეული. ბ-ნ ზურაბთან [აბაშიძესთან – რედ.] ერთად ვეძებდით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ურთიერთობები იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია არსებული პრინციპული პოლიტიკური უთანხმოებების გათვალისწინებით. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, საქმე კი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისი განკარგულებები გაიცა 2012 წელს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ისე რუსეთის პრეზიდენტის მიერ. ამ მუშაობამ ხელშესახები შედეგები გამოიღო. სექტემბერში ჩემი სტატუსის ცვლილება კი, ჩემი აზრით, გარკვეული თვალსაზრისით ზრდის კიდეც დისკუსიების ჰორიზონტებს, რადგან ფორმატი იმთავითვე არაოფიციალური, არაფორმალური იყო. ასე, რომ გავაგრძელებთ მუშაობას იმავე მიმართულებებზე, რომელზეც ვმუშაობდით ადრეც” - განაცხადა კარასინმა.


ხოლო კითხვაზე, “როგორად ესახება კარასინი-აბაშიძის ფორმატის მომავალი და შესაძლებელია თუ არა, იგი შეიცვალოს?”, აღნიშნა, რომ “ჯერ-ჯერობით ფორმატი უცვლელი რჩება, თუმცა მისი კანონიზირება დაუშვებელია”:


“თუ შეგვექმნება საზოგადო მოღვაწეების, პარლამენტარების ჩართვის აუცილებლობა, შეგვიძლია, ამაზე წავიდეთ, თუმცა მთავარი საშიშროებაა, ეს ფორმატი არ იქნას პოლიტიზირებული: იგი მოწოდებულია, გადაჭრას ორმხრივი ურთიერთობების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. ჯერ-ჯერობით ამას ვახერხებდით, ვნახოთ, რა იქნება მომავალში”.


ცნობისთვის: 5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები)  შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო