კარასინი: “ვიმედოვნებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მალე გადაიჭრება”

მოსკოვი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ცნობილ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას “ყურადღებით აკვირდება და იმედოვნებს, რომ საკითხი მალე გადაიჭრება”. ამის შესახებ “Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსმა სენატორმა, წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

პირდაპირი პასუხი კითხვას, განიხილება თუ არა ეს საკითხი 28 ნოემბრისთვის პრაღაში კარასინი-აბაშიძის ფორმატში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე, რუსმა სენატორმა არ გასცა.

”განსახილველ თემებს შორის არის, უპირველესად, ურთიერთობების მდგომარეობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე სატრანსპორტო სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, სპორტული კავშირების ჩათვლით. ამ მხრივ გაჩნდა გარკვეული იდეები ჩვენი ფედერაციებისგან და გუნდებისგან... ვიმსჯელებთ. მოლაპარაკებათა მონაწილეების შემადგენლობა არ იცვლება – იქნებიან ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო უწყების წარმომადგენლები. ასე, რომ ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა დავადასტუროთ ორმხრივი განზრახვა, განვავითაროთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, წავიწიოთ წინ და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. რაც შეეხება რთულ თემებს. სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი – რედ.] ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული კონტაქტები სხვადასხვა არხებით შედგა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სფეროს განეკუთვნება, რომელთა თანათავმჯდომარეები რეგიონში ჩადიან. ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ საკითხი მალე გადაიჭრება” - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ქართული მხარე, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, 28 ნოემბრის შეხვედრაზე უპირველესად, სწორედ ამ საკითხის დაყენებას გეგმავს.

ცნობისთვის: 5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები)  შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-ის საელჩო: "ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​"