„გირჩს" პროკურატურაში უჩივლეს

ადვოკატთა ჯგუფმა პარტია „პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით პროკურატურაში  საჩივარი შეიტანა. 10–მდე ადვოკატი „გირჩს“ "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას" ედავება.  

როგორც „აქცენტს“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, „გირჩის“ „ხატებით მსვლელობა“ შეიძლება, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“. 

„როდესაც ხდება რელიგიური სიწმინდების გამოყენება, ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ამ შემთხვევაში დისკრიმინაცია რელიგიური გრძნობების გამოყენებით ხორციელდება, მაგალითად, როგორიცაა ჯვარი, ხატი, სანთელი. მსგავს შემთხვევებზე რეაგირებისთვის ჩვენი კანონმდებლობისგან განსხვავებით, საერთაშორისო კანონმდებლობა უფრო მოცულობითია, მაგრამ, ჩვენს კოდექსში არის 142–ე მუხლი, ვფიქრობთ, აღნიშნული მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს და ამაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს“, – განუცხადა „აქცენტს“ კობაიძემ. 

"გირჩის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან „ივანიშვილის ხატებით“ აქცია გამართეს,  სანთლები დაანთეს და სიმღერა "ვხედავ მეცხვარეს" შეასრულეს. 



„გირჩის“ აქცია დაგმეს საპატრიარქომ და „ქართული ოცნების“ რიგმა დეპუტატმა. 

მოგვიანებით, “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განმარტა, რომ მსვლელობისას არა ხატები, არამედ "ფოტოშოფში აწყობილი ნახატები" გამოიყენეს. 

“ეს არის ამ უტვინო მონების იაფფასიანი მცდელობა რომ ადამიანების რაღაც ნაწილი “ააგდოს” რაღაც რელიგიურ გრძნობებზე. რა შუაშია ხატები, სად ნახეს ხატები. ფოტოშოფში აწყობილი ნახატები, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ხატია?!კარგად იციან თვითონაც, რომ აქ ხატზე არ არის საუბარი და საერთო ხატებთან ბრძოლა არაფერ შუაშია. იყო ჩვეულებრივი პერფორმანსი, რომლის შინაარსიც იყო გვეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ ეს ხალხი არიან მონები, რომლებსაც ღმერთივით ჰყავთ ბიძინა. ამის ჩვენება იყო ის პერფორმანსი და არაფერ შუაში არაა არც ხატები და არც ხატებთან ბრძოლა” – განაცხადა  ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო