„ცილს გვწამებდნენ მუდამ, მაგრამ მე არ მახსენდება, ჩვენ რაიმე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინოს“

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ პარტიას არც ერთი "სერიოზული დაპირება არ დაუტოვებოა შეუსრულებელი". ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

„ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გვქონია, მაგრამ ჩემგან მსგავსი განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი, რადგან დღევანდელი ხმაურის საფუძველი ჩემგან გაკეთებული განცხადებაა, თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაეთანხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება. მართალია,  ეს იყო ცალმხრივი დაპირება. ეს არ იყო ხელშეკრულებოს მსგავსი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისს მოვლენებს. ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით 2020 წელს და არ დავლოდებოდით 2024 წელს, რაც ასევე ჩვენი გუნდის და მხოლოდ ჩვენი გუნდის ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წელს იქნებოდა პროპორციული არჩევნები. [...] რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი, მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის საკუთარ სიტყვებს, მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია, არა მარტო მე, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი იქნება თუ ყველა, განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს.  ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე ჩვენი შვიდწლიანი  ისტორიის განმავლობაში არ მახსოვს რაიმე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინოს“, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარიზში სამართალდამცველები აქციას შლიან (LIVE)