"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანამ სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა ევროსაბჭოს დღის წესრიგის შექმნაში და ევროპელი კოლეგების წინაშე დააყენოს ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთვისაა აქტუალური. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს შეუძლია ხაზგასმით აღნიშნოს, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ქვეყანაში:

„როდესაც საქართველო 20 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ესა არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში მოუწევს იყოს სრული რეფორმირების და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პროცესების, პოლიტიკურ პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც ქვეყანა სრულად ადასტურებს და სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 28 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ამ მოვალეობას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს.

საფრანგეთისგან თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა