პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულდა – სამართალდამცველები რკინის კონსტრუქციებს შლიან

პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულდა. ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, „სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით", – განაცხადა დიღ,ელაშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციამ იმ რკინის კონსტრუქციების დაშლა დაიწყო, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, ასევე ჩიტაძის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი დღეს დილიდან იყო გადაკეტილი.  

ცნობისთვის: სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა