გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნიში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დაიწყებენ დიალოგს არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძიებლად.

„ბატონ ივანიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ყველა შეკითხვა საფუძვლიანად იქნა განხილული" - განუცხადა "აქცენტს" ჰუბერტ ქნიშმა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, იგი “ელჩებს შევხვდა არაერთხელ, კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ კითხულობს იმას, რომ ჩვენ ["ქართულმა ოცნებამ" - რედ.] დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ”. 

"დემოკრატიაში დიალოგი არასდროს მთავრდება. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთად დასხდებიან სერიოზული საუბრისთვის“, – დასძინა ელჩმა.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება: "ნუ ურტყამთ თავს, არაფერი გამოვა... ყველა მეცოდება, მათი გატეხილი თავები მეცოდება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში