თბილისმა სტრასბურგის გასაღები მიიღო: ეყოფა თუ არა “ოცნებას” 6 თვე ევროპაში იმიჯის აღსადგენად?

პირველად ისტორიაში, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თბილისი ამ საპატიო უფლების აქტიურად გამოყენებას გეგმავს, განსაკუთრებით – ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ პოლილტიკურ კრიზისზე აქცენტირებას თავს არიდებენ, მათი ოპონენტები კი ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად საერთაშორისო არენაზე თბილისის შელახულ იმიჯზე მიუთითებენ.

სტრასბურგში ქართული ალფავიტის ასოებით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს, - სიხარულით გვამცნო გუშინ Facebook-ში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 



მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამასთან დაკავშირებით წითელი ლენტიც გაჭრა. მთელი დღის განმავლობაში სამინისტრო აქტიურად აქვეყნებდა მედიისთვის სტრასბურგში გამართული იმ ღონისძიებების ამსახველ ფოტო- და ვიდეო-მასალებს, რომლებიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს გათავმჯდომარებას მიეძღვნა. ქართულმა საზოგადოებამ იხილა სტრასბურგის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დროშის აღმართვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის - მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თანდასწრებით, წინა თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთისგან სტრასბურგის სიმბოლური გასაღების გადაბარებაც, მინისტრმა ზალკალიანმა კი ცალკე გააცნო ქართველ ჟურნალისტებს ის ოთხი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ თავმჯდომარეობის 6-თვიანი პერიოდისთვის განსაზღვრა:

«ესაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილებათა მიღებაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა ჩართულობით».

რა თქმა უნდა, - აღნიშნა ზალკალიანმა, - თბილისი აქტიურად გამოიყენებს თავმჯდომარეობას ცხინვალის ციხიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად, ასევე ოკუპირებული რეგიონების მიმართ მოსკოვის პოლიტიკის განსახილველად.

სიმბოლურად ეჩვენება თბილისს ის ფაქტიც, რომ თავმჯდომარეობა საქართველოს საიუბილეო წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლისთავზე ერგო (1999 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭომ საქართველო ორგანიზაციაში ერთხმად მიიღო, მაშინვე პარლამენტის სპიკერმა ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა ცნობილი ფრაზა: «მე ვარ ქართველი – მაშასადამე, ვარ ევროპელი»).

თუმცა საზეიმო განწყობას აშკარად აფუჭებს ბოლოდროინდელი გზავნილები ევროპიდან. ჯერ კიდევ აპრილში, საიუბილეო ღონისძიებების მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ გაისმა კრიტიკა 2017 წელს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებისა და ბაქოსთვის გადაცემის თაობაზე; შენიშვნები ჰქონდა ევროპის საბჭოს ციხიდან ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის უკანონო გაყვანასთან დაკავშირებითაც (2016 წლის ივნისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ მის მიმართ  ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა). იყო სხვა შენიშვნებიც. ახლა კი საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არასასიამოვნო ჩამონათვალი შეივსო ახალი მოვლენებით, რომლებიც დასავლელ პარტნიორებში კითხვებს იწვევს: საუბარია ივნისში მიტინგების ძალის გამოყენებით დაშლაზე, “გავრილოვის ღამეზე”, “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდებაზე, რასაც ოპოზიციისა და ახალგაზრდული მოძრაობის განგრძობადი პროტესტი მოჰყვა.

ის, რომ 2019 წელს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდებოდა, დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი: თავმჯდომარეობა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ალფავიტის მიხედვით გადაეცემათ, - განმარტავს ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი (2005-2010 წ.წ.), ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი «ევროპული საქართველოდან» ზურაბ ჭიაბერაშვილი. თავის დროზე მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში მუდმივად მდგარიყო რუსეთ-საქართველოს ომის თემა:

«რა თქმა უნდა, როცა ქვეყანა თავმჯდომარე ხდება, ეს იძლევა დამატებით შესაძლებლობას, უფრო აქტიურად დააყენო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. მაგრამ ერთია, საკითხი დააყენო, მეორე – რამდენად დაგიჭერენ სხვა ქვეყნები მხარს რუსეთთან დაპირისპირებაში. ასეთ შემთხვევაში საქართველო სამაგალითო ქვეყანა უნდა იყოს იმ საკითხებში, რომელიც ფუნდამენტურია ევროპის საბჭოსთვის, – ესაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ხოლო როცა თავმჯდომარეობას იბარებს ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით იმიჯი  ესოდენ შებღალული აქვს, საქართველოს, როგორც თავმჯდომარის განცხადებებს ნაკლები ფასი და ძალა ექნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა რუსეთის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე».

ზურაბ ჭიაბერაშვილის პროგნოზით, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგზე წასვლისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირების დაპირების აღსრულების სურვილი არ ეტყობა, “ქართული ოცნების” მთავრობა სტრასბურგში თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საკუთარი იმიჯის აღდგენას ვერ მოასწრებს.

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ კოორდინატორ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ქვეყანა ამ თანამდებობას შელახული იმიჯით შეხვდა.


„რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ჩვენი რეპუტაციისთვის ის, რაც მოხდა, ვთქვათ, საარჩევნო კანონის შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეხედულებები, დამოკიდებულებები, განწყობები ჩვენთან დემოკრატიის დონეზე, მის განვითარებაზე, საზოგადოების შიგნით კონსენსუსის შესაძლებლობებზე და მთლიანობაში, ჩვენი ტრანსფორმაციის დონის თაობაზე ალბათ, ცოტა გაუარესდა. მართალია, ევროპის საბჭოში ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო არ ვართ - შედარებით ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ამის გათვალისწინებით, ბევრ რამეს გვპატიობენ, თვალს ხუჭავენ, მაგრამ ჩვენი ავტორიტეტი ისეთი მაღალი აღარ არის და ვერ იქნება, სანამ შიგნით არ მოვაგვარებთ დემოკრატიის დახვეწისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებს“,- განუცხადა „აქცენტს“ გოგოლაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეპუტაციული ზიანის კომპენსირების მომგებიანი გეგმა არ აქვს:

„გეგმა, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა აირჩია, რეპუტაციის თვალსაზრისით წამგებიანია: ეს არის არა კომპრომისის, ურთიერთობების დათბობის ძიების, არამედ საკუთარი პოზიციის დაცდის გეგმა, რომელიც საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან აუცილებლად იწვევს კონფრონტაციას. შეიძლება, ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი არგუმენტები აქვს, მაგრამ ის არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მმართველ ძალას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში არსებულ გარემოზე, პოლიტიკურ კლიმატზე, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ან სხვა ჯგუფებს. ამიტომ კომპრომისები უნდა ეძებოს მმართველმა ძალამ - ეს მისი მოვალეობაა: მას აქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშე და მანდატი, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას უზრუნველყოფდეს. ხოლო ნაბიჯები, რომლებიც სტაბილურობას ვერ უზრუნვეყოფს, ან მეტიც, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, ვერ განიხილება სწორ ნაბიჯებად და სტრატეგიად“.

მისივე თქმით, ნების შემთხვევაში, არსებობს მიღებული ზიანის კომპენსირების შესაძლებლობები, ამისთვის 6 კი არა, ერთი თვეც საკმარისია და ეს გზა დიალოგზე გადის:  

„მიღებული რეპუტაციული ზიანის კომპენსირება შესაძლებელია, მოხდეს ერთ თვეშიც, თუ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს, რა არის მთავარი პრიორიტეტი. თუ ის გააცნობიერებს, რომ მთავარი პრიორიტეტი არა მომავალ პარლამენტში ადგილების დიდი უმრავლესობით მოიპოვება, არამედ ეროვნული თანხმობა, დემოკრატის, კანონიერების დაცვა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ეს მიღწევადია ყველა გზით, მაგრამ გზა, რომელიც ახლა ყველაზე ნათლად ჩანს, არის დიალოგისა და კომპრომისების გზა. და დიალოგზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მმართველი ძალა იქნება. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მმართველ პოლიტიკურ გუნდს უპირატესობა ძალის, შესაძლებლობებისა და ა.შ., სწორედ მან უნდა უზრუნველყოს თანასწორუფლებიანი დიალოგი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, თუ სურს, მიაღწიოს სტაბილურობას და სრულად აღიდგინოს როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის რეპუტაცია“.

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე  თავის შეფასებაში კიდევ უფრო კრიტიკულია და თვლის, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას “კომიკური რეპუტაციის მქონე ქვეყანა” იბარებს:


„არაფორმალური მმართელობის მოდელი, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენთან არ არსებობდა: იყო მოლდოვაშიც, ნაწილობრივ ჩეხეთშიც... 2012-2013 წლებში, როგორც ჩანს, დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, ვერ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო ქვეყნის ასე მართვა, მაგრამ როდესაც სხვაგანაც გაჩნდა ეს მოდელი, ალბათ, მიხვდნენ, რაშია საქმე. შესაბამისად, მათი მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური, ამის „გაპრავებას“ ვეღარ შეძლებენ ჩვენი საგარეო უწყების ჩინოსნები, აღარავის სჯერა ამ თავის მართლების. მოგეხსენებათ, ევროსაბჭო ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზეა კონცენტრირებული, ჩვენ კი ბოლო დროს სწორედ აქ გვაქვს ყველაზე დიდი გარღვევები. საინტერესოა, რა საკითხი უნდა დაძრას საქართველომ? - დასცინებენ, “ვისზე ლაპარაკობ შენო”... არადა, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი მთავარი ნიშა: ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, წინ წავიდეთ, ჩვენი დემოკრატიული განვითარებაა. თავის მხრივ, დემოკრატიულმა განვითარებამ უნდა მოიტანოს მეტი ინვესტიცია... რა ინვესტიციებზეა საუბარი, როდესაც არ გაქვს დემოკრატია და ამას დაემატა პოლიტიკური არასტაბილურობაც?!“.

შარაშენიძე ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის კომპენსირების ერთადერთ გზად ხელისუფლების მიერ დანაპირების შესრულებას მიიჩნევს, თუმცა “ქართული ოცნების” მხრიდან მსგავს ნებას ვერ ხედავს:

„გუშინ ვუსმინეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და გვითხრეს, “ყველაფერი კარგად მიდის, ერთი მუჭა „ნაციონალების“ ბრალია ყველაფერიო”... ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ? შეიძლება, „ქართულ ოცნებაში“ ვინმე საღად მოაზროვნე ხვდება, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ბატონ ბიძინას ვერაფრის თქმას უბედავენ... რეპუტაციული ზიანის კომპენსირების ერთადერთი გზაა, შეასრულონ დანაპირები (რისიც მე არ მჯერა), ჩაატარონ არჩევნები პროპორციულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიქნებით მსგავს სიტუაციაში. ბუნებრივია, ამ სიტუაციას გამოიყენებს ოპოზიცია, რადგან პირველად ხდება, რომ ოპიზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით მორალურად მართალია „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო ამის არგამოყენების უფლება მათ, როგორც პოლიტიკოსებს, არ აქვთ. შესაბამისად, ალბათ, ერთი წელი მსგავსი სიტუაცია გვექნება: შეეცდებიან, მთავრობა პროვოკაციაზე წამოაგონ, მიიყვანონ წერტილამდე, როცა მთავრობა გატყდება და ჩამოიშლება. ამას ცდილობენ იმიტომ, რომ შანსი მიეცათ და ვინ მისცა შანსი? - „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც მოსახლეობა “გადააგდო“.

ასეა თუ ისე, იმედია, ევროპის საბჭოში შემდეგ თავმჯდომარეობას საქართველო უფრო ღირსეულად შეხვდება. თუმცა ეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ 24 წლის შემდეგ მოუწევს...

და კიდევ ერთი “პიკანტური” დეტალი. საქართველოს 6-თვიანი თავმჯდომარეობის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტის სხდომები ძირითადად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წევრთა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ჩატარდება. საქართველოს მასში ირაკლი გივიაშვილი წარმოადგენს. მაგრამ ამა თუ იმ ქვეყნის თავმჯდომარეობის ამოწურვისას, როგორც წესი, მინისტრთა კომიტეტის ყველაზე წარმომადგენლობითი სხდომა იმართება. საქართველოსთვის ეს დრო 2020 წლის მაისში დადგება და არსებული ინფორმაციით, მინისტრები ამ დროს თბილისში შეიკრიბებიან. და აი, აქ ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, სტუმრებს შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც აღმოჩნდეს?

ეს ინტრიგა, როგორც ჩანს, დიდხანს შეაშფოთებს ქართულ საზოგადოებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ამ შეხვედრის შესახებ თავად ზალკალიანი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მისმა რუსმა კოლეგამ აცნობა საზოგადოებას, რომ იგი ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"