EMC – 26 ნოემბერს აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) შეფასებით, სახელმწიფომ პარლამენტთან 26 ნოემბრის აქციის/პიკეტის არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

EMC-ს განცხადებით, საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებს სახელმწიფო ყველა ჯერზე პასუხობდა მხოლოდ საპოლიციო ძალებით, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები.

„განსაკუთრებით მწვავე და არაპროპორციული იყო პოლიციის მოქმედება 26 ნოემბერს, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, დილის 5 საათზე, პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, 26 ნოემბრის დილის მოვლენები რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს:

  • „სახელმწიფომ მის მიერ გაცხადებული მიზნის (საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების აღდგენა) მისაღწევად, არ სცადა ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდავი მეთოდების გამოყენება;
  • პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს შეეძლო, სამუშაო დროის დაწყებამდე გონივრული დროით ადრე, გაეთავისუფლებინა შენობის ერთ-ერთი შესასვლელი. ნაცვლად ამისა, სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალისა და მექანიზმების გამოყენებით შეზღუდეს შეკრებისა და მანიფესტაციით სარგებლობის უფლება. მათ შორის, აქციის მონაწილეებს უზღუდავდნენ და ართმევდნენ ისეთ ნივთებს თუ ატრიბუტიკას, რაც არ წარმოშობდა ძალადობის მყისიერ საფრთხეს;
  • სამართალდამცავი უწყებების სტრატეგია მდგომარეობდა მაქსიმალურად სწრაფად, რისკების გაუთვალისწინებლად, აქციის მონაწილეების დაშლაში. ამავდროულად, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას და რეპრესიულ მექანიზმებს, შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მომავალში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სრულყოფილად და დაუბრკოლებლად სარგებლობაზე“;

„26 ნოემბრის დილას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მოგვარების სტრატეგიისა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა. კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და კომპრომისების ძიების ნება. სანაცვლოდ,  მმართველმა გუნდმა ხისტი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც პროცესების ესკალაციის წინაპირობა გახდა. პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალების გამოყენება აგრეთვე იქცა ძალის დემონსტრირების იარაღად“, – წერს ორგანიზაცია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
TI - მინისტრებისა და მათი მოადგილეების ნაწილი დეკლარაციის შევსებისას კანონს არღვევს