„ფრენების საკითხი კარასინმა წამოაყენა და განაცხადა, რომ მოსკოვში ამაზე ფიქრობენ"

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხი შეხვედრაზე თავად გრიგორი კარასინმა წამოაყენა.

აბაშიძის თქმით, რუსეთში ფრენების აღდგენაზე ფიქრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება.

„ეს საკითხი მან [კარასინმა] წამოაყენა, თქვა, რომ ივნისის მოვლენებმა იქონია გავლენა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების თაობაზე. განაცხადა, რომ მოსკოვში ფიქრობენ იმაზე, რომ აღდგეს  რეისები, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია, ასეთი ზოგადი განცხადება მოვისმინეთ მისი მხრიდან. მე ვუპასუხე, რომ ეს მათი პრეროგატივაა, მათი გადასაწყვეტია. ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხებზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონტაქტებს ადამიანებს შორის და ველით მათ გადაწყვეტილებას. როდესაც ისინი იქნებიან მზად ამისთვის, ალბათ, ტექნიკურ დონეზე მოხდება შემდგომ საუბარი სპეციალისტებს შორის და რეისების აღდგენა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გრიგორი კარასინმაც. მისი თქმით, ახალ წლამდე ფრენების აღდგენაზე რამე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ.

„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა არ უნდა ველოდოთ რამე გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის თაობაზე ახალ წლამდე. თუმცა ვიფიქრებთ, როდის, როგორ, რა ფორმით განახლდება პირდაპირი რეისები. ამაზე შეთანხმება მიღწეულია. ვიფიქრებთ ამ თემაზე და ყურადღებით დავაკვირდებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, თბილისის ქუჩებში, ქართულ საზოგადოებაში არსებულ, შექმნილ იმ ატმოსფეროს, რომელიც რუსეთს უკავშირდება, რადგანაც ეს მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, გრიგორი კარასინმა.

5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები)  შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს