გალელ სტუდენტებს რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლა, სტიპენდია და უფასო საცხოვრებელი შესთავაზეს

რუსეთი გალელ სტუდენტებს სამ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ სწავლას, სტიპენდიასა და უფასო საცხოვრებელს სთავაზობს. ამ ინიციატივით ოკუპირებული რაიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს 26 ნოემბერს „ევრაზიის სახალხო კავშირის“  ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის, პეტერბურგისა და როსტოვის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიმართეს.

როგორც ადგილობრივმა მოსწავლეებმა  “აქცენტს” უამბეს, აუცილებელ პირობად რუსული ენის ცოდნა დასახელდა, შესაბამისად, მსურველ აბიტურიენტებს რუსულის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩასარიცხად კი - ქიმიის გამოცდისაც. 

„შეხვედრაზე ყველა ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასები იყვნენ  წარმოდგენილები. ბავშვები უსმენდნენ, თუმცა ბევრმა ვერაფერი გაიგო, რადგან რუსული არ იციან. ერთ-ერთმა მოსწავლემ რუსეთში სწავლის სურვილი გამოთქვა, თუმცა ხელისშემშლელ ფაქტორად საბუთი დაასახელა: არანაირი საბუთი არ მაქვს და როგორ წავიდეო? რუსული  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კი უპასუხა, ბინადრობის უფლება საკმარისიაო“, - განაცხადა ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. 

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი გალელი მოსწავლეების ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გადინების შესაჩერებლად ყველა გზას მიმართავს. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ამასწინათ სტუდენტებს ე.წ. ბინადრობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა, რაც მათთვის ფაქტობრივად, აფხაზეთში შესვლის უფლების ჩამორთმევას ნიშნავს. 

აღსანიშნავია, რომ გალელებისთვის უფასო ადგილები სოხუმის უნივერსიტეტშიც იყო გამოყოფილი, მაგრამ დე ფაქტო რეჟიმის ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. 

ცნობისთვის, 2005 წლიდან დღემდე გალის ომამდელი საზღვრებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში 1700-მდე (1616) მოსწავლე ჩაირიცხა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 9 დეკემბერს