პარლამენტთან კვლავ პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ჯებირების გარეშე

საქართველოს პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა 28 ნოემბრისგან განსახვავებით, მიმდებარე ქუჩებზე რკინის ჯებირებით აღარ გადაუკეტავთ. 

როგორც დაანონსდა, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირების აქციის განახლებას 10:00 საათიდან გეგმავენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უკვე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი. პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. მანამდე, 10:00 საათზე დანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და 11:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომები.

28 ნოემბერს პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის ჯებირებით დილიდან გადაკეტა და სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შენობის პიკეტირების შესაძლებლობა არ მისცა. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებს ახალი სისტემით შეხვდებოდა და მას შემდეგ ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს.  

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც 28 ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო