„საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო მონიტორინგის საკითხზე დიალოგი გააქტიურდება“

საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო მონიტორინგის საკითხზე დიალოგი გააქტიურდება. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე რუს სენატორთან, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინთან მიაღწია. 

„28 ნოემბრის შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო ეკონომიკური საკითხები, 10–თვიანი ტვირთბრუნვის შედეგები, სატრანსპორტო კავშირები, რომელიც არა მარტო ავიამიმოსვლას, არამედ სახმელეთო კავშირს, ტვირთების გადაზიდვას, მგზავრთნაკადს მოიცავს... შევეხეთ ასევე 2011 წლის საბაჟო შეთანხმების თემას. აღინიშნა ამ პროცესისთვის მხარდაჭერის, მისი შეძლებისდაგვარად აქტივიზაციის აუცილებლობა“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ აბაშიძემ და იქვე დასძინა, რომ დეკემბერში ჟენევაში ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება.

ცნობისთვის: საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველომ რუსეთთან 2011 წლის ბოლოს, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერა ხელი. ხოლო მისი იმპლემენტაციისთვის შუამავალი შვეიცარიული მხარის წარმომადგენელ კერძო შვეიცარიულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი საქართველომ 2017 წლის 19 დეკემბერს გააფორმა. თუმცა მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც მთელი რიგი საკითხების ამ დრომდე შეუთანხმებლობასა და რუსული და ქართული მხარეების მიერ შეთანხმების რიგი პუნქტების განსხვავებულ ინტერპრეტირებას უკავშირდება.

იხილეთ ასევე: მითები და რეალობა 2011 წლის დოკუმენტის შესახებ

მიმდინარე წლის 6–7 თებერვალს ჟენევაში რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების  იმპლემენტიციაზე მომუშავე ერთობლივი სამმხრივი (საქართველო-რუსეთი-შვეიცარია) კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა.  ქართულ მხარეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ჩინოსნები წარმოადგენდნენ.

„შეიძლება, ითქვას, რომ 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში პირველი ერთობლივი ნაბიჯი გადაიდგა. მეტს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე ნათქვამია თბილისისა და მოსკოვის განცხადებებში“, – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაშინ ხსენებული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

თბილისისა და მოსკოვის მიერ ნახსენებ განცხადებებში კი, რომელთა შინაარსი ფაქტობრივად იდენტური იყო, ინფორმატიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება, იყოს საყურადღებო: 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

"6 თებერვალს ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა. შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები. ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს“, – ნათქვამი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის მაისში საქართველომ SGS-ს კონტრაქტი გაუგრძელა, თუმცა რა ვადით, ამ დრომდე უცნობია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბჭოთა იმპერია-სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა