ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას გეგმავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მზადაა, მმართველი გუნდის ლიდერებს შეხვდეს, მხოლოდ იმ პირობით, თუ თემა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას შეეხება. 

"თუ საუბარი შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ანუ იმ პირობას, რაც ივანიშვილმა და მისმა სამარცხვინო გუნდმა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ დადო, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრისთვის",– განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

"სხვა თემაზე საუბარი ვერ იქნება", - განაცხდა ბოკერიამ.

"გუშინ დესტრუქციულ ძალას და რადიკალებს გვეძახოდნენ, გვეძახდნენ, დაგამთავრებთო. იძულები არიან, გადმოდგან ნაბიჯი. ჩვენ ნებისმიერ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, სადაც რაღაც გადაწყდება",– განაცხადა გია ბარამიძემ.  

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა საზოგადოებრიოვი მაუწყებლის ცნობით, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი და ფორმატი დღეს დაზუსტდება.

„ასაკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზვიად შალამბერიძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა