როგორ ებრძვიან გალში ქართველობას

გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაცია ადგილობრივ სკოლებში ქართულის ნაცვლად მეგრული ენის სწავლების შემოღებას გეგმავს. ეს განზრახვა რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გააჟღერა და არ დაუმალავს, რომ იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა გადინებას უკავშირდება.

"160 ბავშვი წავიდა საქართველოში სასწავლებლად და მხოლოდ 30 სოხუმში. მიუხედავად ჩვენი არაერთი მხდელობისა, პროცესი გრძელდება. საპასუხოდ ვგეგმავთ  სკოლებში ქართული ენის სწავლების შეწყვეტას. კანონი არ გვავალდებულებს, სკოლებში ქართული ისწავლებოდეს, - ეს მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება იყო. სანაცვლოდ შევიტანთ მეგრულ ენას, გალის მოსახლეობა ხომ ძირითადად მეგრულად საუბრობს“, - განაცხადა ნადარაიამ.

ადგილობრივები შიშობენ, რომ აღნიშნული გალის რაიონის სოფლების დაცლის დამატებითი მიზეზი გახდება, რადგან ბავშვებს რუსულად სწავლა ძალიან უჭირთ.

„თუ ასე მოხდა, რას უნდა გავუჩერდეთ აქ, წარმოდგენა არ გვაქვს. სოფელში ხალხი აღარაა, ქართულად უკვე თითქმის ვერ საუბრობენ ბავშვები. შედის აფხაზურის მასწავლებელი. ბავშვებს აფხაზურად ან რუსულად ესაუბრებიან. მოსწავლეები უყურებენ გაოცებულები, რა ქნან? ზოგს საერთოდ არ ესმის. თანაც, რაც არ უნდა კარგად ისწავლონ აფხაზური, თურმე, მასწავლებელს ხუთიანის დაწერის უფლება არ აქვს. საუბარი მიჭირს ამ თემაზე, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. მეგრულით ჩანაცვლება, მათი აზრით, შეღავათია, თურმე, „დაგვინდეს“. ბავშვებს აქ ქართულად განა იმიტომ ვესაუბრებით თავიდანვე, რომ სკოლაში დაავიწყონ! ისედაც ბევრს უჭირს ქართულად მეტყველება და მეგრულზე რომ გადაიყვანონ, შედეგი კატასტროფული იქნება. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაპირება შეასრულონ, - აქ არავინ დარჩება, მაგრამ რაც აქამდე უთქვამთ, რა არ გამოუვიდათ?!“, - აცხადებს „აქცენტთან“ საუბრისას გალის რაიონის სოფელ სიდას მკვიდრი, სამი შვილის დედა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს სოფელ ჭუბურხინჯის მაცხოვრებელს, რომელსაც სკოლაში ორი ბავშვი დაჰყავს. ის გალიდან წასვლის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა წასასვლელს ვერსად ხედავს.

„ღმერთმა დაგვიფაროს! ამათთვის ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ყველამ კარგად ვიცით, რომ აქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, მაგრამ წასასვლელი რომ არსად გვაქვს?! გალში სანამ ვცხოვრობთ, საქართველოს მთავრობა საცხოვრებელი ფართით არ გვაკმაყოფილებს, - თქვენ იქ სახლები გაქვთო, ახლა რომ ავდგე და ორი შვილით წავიდე აქედან, ვის შევეფარო? სამინისტრო მომცემს ბინას?! - არა. ამის იმედი არ გვაქვს, თუ მოგვცემს - უამრავი წლის შემდეგ. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, აქ რა პირობებში გვიწევს ყოფნა“, - აცხადებს ჭუბურხინჯის მკვიდრი.

„აქცენტი“ უკვე წამოსულ მშობელსაც ესაუბრა, რომელიც სოფლის დატოვების მიზეზად სწორედ სკოლას ასახელებს.

„სამი შვილი მყავს, ერთი პირველი კლასის მოსწავლეა, ორი -  უფრო პატარა. მოსამზადებელ კლასში სოფლის სკოლაში დამყავდა, სადაც საერთოდ არ ისწავლება ქართული ენა. ძალიან გაუჭირდა, ამიტომ გავიყავით ოჯახი ორად. მშობლები სოფელში დარჩნენ, მე კი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ზუგდიდში წამოვედი. ახლა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ და იმედი გვაქვს, რომ მთავრობა დაგვეხმარება. ვერ დავრჩებოდით, რადგან წინაპირობა იმისა, რომ ქართულის ამოღება იგეგმებოდა, მოსამზადებელშივე ჩანდა. ასე დაიწყო ქართული სწავლების ეტაპობრივი ჩანაცვლებაც თავის დროზე. ჯერ პირველი კლასი გადაიყვანეს რუსულზე, მერე ყოველ წელს თითო კლასი ემატებოდა, დღეს კი მერვე კლასის ჩათვლით სრულად რუსული სწავლებაა. შვილებს მომავალს ვერ წავართმევდი, ავდექი და წამოვედი“, - აცხადებს «აქცენტთან» საუბრისას სოფელ თაგილონის მკვიდრი.

ვესაუბრეთ იმ ადგილობრივებსაც, რომლებიც სოფლის დატოვებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„უფროსმა შვილმა რომ დაამთავრა სკოლა, ვერ გავყევი. ვერ ვთქვი უარი სახლზე. ის დღეს თბილისში სწავლობს და მიუხედავად იმისა, რომ უსაბუთობის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ოჯახმა მაინც ასე, გაყოფილად ცხოვრება ვამჯობინეთ. მეორე შვილი მე-10 კლასშია, მას სავარაუდოდ, ვერ მოუსწრებს ნადარაიას მუქარა, მაგრამ  დაამთავრებს თუ არა, აქაურობას ჩვენც მასთან ერთად დავტოვებთ. კარგად სწავლობს, ვფიქრობ, ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებს. ასე აქ ძალიან ბევრი ფიქრობს. სკოლა აკავებდა ხალხს, რადგან ჯერ-ჯერობით შესაძლებელი იყო, ხარისხიანი განათლება მიეღოთ, საკუთარ სახლშიც ყოფილიყვნენ და ასე თუ ისე, ნორმალურად ეცხოვრათ. ბევრი წავიდა, ბევრიც ჩემსავით წავა“, - განუცხადა „აქცენტს“ კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

შედარებით იმედიანად არიან განწყობილი ადგილობრივი მასწავლებლები. „აქცენტთან“ საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტრო მეგრული ენის მასწავლებელს ვერ იპოვის.

„ღმერთმა დაგვიფაროს, ეს მოხდეს, - ისედაც ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავებზე. სოფელში არავინ დარჩება. არ მგონია, რომ განახორციელონ, უფრო სწორად, იმედს ვიტოვებთ, რომ ამას არ გააკეთებენ. როცა აფხაზური შემოიღეს, წლები დასჭირდათ კადრების შესავსებად, მეგრული ენის სპეციალისტის პოვნა კი საერთოდაც ეჭვი მეპარება, შეძლონ. რაც შეეხება ქართული ენის ამოღების მუქარას, მხოლოდ იმედს ვეყრდნობით. ვერ უნდა გააკეთონ, მაგრამ როგორ, ვერ გეტყვით. თავიდან, ასე თუ ისე, ვახერხებდით, თვალი აგვეხვია დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისათვის, საბუთებს რუსულად ვავსებდით, გაკვეთილებს კი ქართულად ვატარებდით. დღეს ეს თითქმის შეუძლებელია. წლებია, მასწავლებლების გადამზადება მიდის, ტრენინგები, ლექციები, გამოცდები... შემოწმება შემოწმებაზე მოდის, როდის შემოგიღებენ კარს, არავინ იცის. ბავშვებს უკვე უჭირთ სწავლაც და მეტყველებაც“, - აცხადებს გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

გალის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიას თქმით, სამიოდე წელიწადი და გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არათუ ქართული სკოლა, ქართული კლასიც კი არ იარსებებს.

“გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის და ზოგადად ქართველობის წინააღმდეგ  მიზანმიმართული ბრძოლა ომის შემდგომ, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, სახელოვნებო სკოლების აღდგენისთანავე დაიწყო და დღესაც გრძელდება.  უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ოჩამჩირესა და ტყვარჩელის რაიონებისთვის გადაცემულ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენას 1 საათიც კი არ ეთმობა, სამაგიეროდ გაზრდილია რუსული ენისა და ლიტერატურის საათები, ყველა საგანი რუსულ ენაზე ისწავლება. თითო საათამდეა დაყვანილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება გალის ე.წ. ზედა და ქვედა ზონების სკოლებში.  ქვედა ზონის სკოლებში დარჩენილია მე-9-11 ქართული კლასები. სამიოდე წელიწადი და გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არათუ ქართული სკოლა, ქართული კლასიც კი აღარ იარსებებს. ეს - მაშინ, როდესაც აქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველებია.  ბ-ნ ნადარაიას არ გაუჭირდება,  ქართული ენის ის თითო საათიც გააუქმებინოს, რადგან როგორც ე.წ. გამგებელი, აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს გვერდის ავლით, უფლებამოსილების გადამეტებით განაგებს რაიონის განათლების საქმესაც. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისში მისი ბრძანებით, ქვედა ზონის მე-11 სკოლის 1-4 კლასები ერთბაშად რუსულენოვან სწავლებაზე გადაიყვანეს, რამაც ხელი შეუწყო ქართული კლასების განდევნას და რუსულით თანდათან ჩანაცვლებას. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ გალელები უმთავრესად მეგრელები არიან და სკოლებშიც მეგრულად უნდა ისწავლონ, 2013 წელს გაზეთ ,,გალის'' რედაქციის თაოსნობით, გალში მცხოვრები და თბილისში განათლებამიღებული ქართველის რედაქტორობით  როსტოვში 500-იანი ტირაჟით გამოსცეს ქართული შრიფტით შექმნილი ,,ჩქიმი ნინა'' - საკმაოდ სუსტი და არაფრისმომცემი წიგნი (სახელმძღვანელოს ვერ ვუწოდებთ), რამაც მოსახლეობისა და მოსწავლე ახალგაზრდობის, მასწავლებლების ვერანაირი დაინტერესება  ვერ ჰპოვა. გარდა ამისა, ისმის კითხვა: თუ გალელები მეგრელები არიან, რატომ არ ეძლევათ ბავშვებს მეგრულად ლექსის წაკითხვის ან უწყინარი მეგრული სიმღერების შესრულების უფლებაც კი, რატომ ისჯებიან ამ ბავშვების სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, რატომ თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან?! თავად აფხაზურ  ენას  I-XI კლასებში კვირაში  27-29 საათი ეთმობა, აფხაზურ სკოლებში მხოლოდ მეოთხე კლასამდე ასწავლიან აფხაზურად, შემდეგ ყველა საგანი ისწავლება რუსულ ენაზე, - რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ აკადემიური ლიტერატურა, არ არსებობს ტერმინოლოგია, სახელმძღვანელოები...  ენის სწავლება ანბანის შესწავლით და  მეცნიერულად  გამართული სახელმძღვანელოებით ხორციელდება. ვფიქრობთ, რომ ეს არის ქართული ენისა და ქართველობის წინააღმდეგ  მიზანმიმართული  ბრძოლის კიდევ  ერთი  გამოხატულება“, - განუცხადა „აქცენტს“ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა.

გალის ოკუპირებულ რაიონში ქართულ ენასა და სკოლებთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გადავიდა. რამდენიმეწლიანი მუქარა - ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება სისრულეში იქნა მოყვანილი და ეტაპობრივად ქართული რუსულმა ჩაანაცვლა. 2017 წელს სრულად დაიხურა სოფელ ნაბაკევის სკოლა. ამჟამად გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ქართული ენა, როგორც საგანი, ჯერ კიდევ ისწავლება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნის საკითხზე დისკუსია გაიმართება