ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ კარასინთან არ ყოფილა საუბარი რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ.

„ჩვენი საუბრის დროს კარასინმა ახსენა მოკლე კომენტარით, რომ თბილისში არსებულ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, რუსეთი აპირებს რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "რადიო თავისუფლებასთან" კომენტარში.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. 

“მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ვიმედოვნებთ, საქართველოში დეკემბრისთვის დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, –განაცხადა კარასინმა „რია-ნოვოსტისთან" საუბრისას. 

ცნობისთვის: 5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები)  შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა