"რუსული ცენტრი შეიძლება, არც გაიხსნას, თუმცა დროული განმარტებების გარეშე მის შესახებ ინფორმაცია თავის მიზანს მიაღწევს"

«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს» წარმომადგენელი  გიორგი მოლოდინი თბილისში რუსული ცენტრის დაგეგმილი გახსნის შესახებ ინფორმაციაზე დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლების დისკრედიტაციას საქართველოს მოსახლეობის თვალში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს დაძაბული შიდა პოლიტიკური ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესებას. კრემლთან ურთიერთობაში რეგულირების, დათბობის, დათმობის პოლიტიკა არის ყოვლად უსარგებლო არჩევანი. კრემლის მიზანი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების დისკრედიტაცია მანამ, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო იარსებებს. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ კარასინმა მაშინ გაავრცელა, როცა ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალიდან გათავისუფლების საკითხი, წესით, ოფიციალური თბილისისთვის პოლიტიკური ღირსების თემა უნდა იყოს. „ცენტრი“ შეიძლება, არც გაიხსნას, მაგრამ თუ შესაბამისი განმარტებები დროულად არ გაკეთდება, ეს ინფორმაცია მიზანს მაინც მიაღწევს“ - განუცხადა «აქცენტს» მოლოდინმა.

ცნობისთვის: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. 

“მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ვიმედოვნებთ, საქართველოში დეკემბრისთვის დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, –განაცხადა კარასინმა „რია-ნოვოსტისთან" საუბრისას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"