მოსკოვის მორიგი – ამჯერად “კულტურული” ხაფანგი: რას ფიქრობენ თბილისში?

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ანონსმა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში “რუსული ენისა და კულტურის ცენტრი” გაიხსნება, რომელიც „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, საქართველოს ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა: ჯერ პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე კარასინთან გუშინ არ უსაუბრია და რომ კარასინმა მხოლოდ გაკვრით ახსენა ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც კომერციული სტრუქტურის ბაზაზე შეიქმნება; შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ ურჩია რუსეთს, თავად გაჰყვეს „ისეთ კულტურას, როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი...“. ამასთან, ვოლსკიმ არც ამ საკითხზე საუბრისას დაივიწყა ქართული ოპოზიცია:


„კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი] თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს. როგორც თვითონ აღნიშნა, «რუსული კულტურის ნაწილია». რაც შეეხება ენის შემსწავლელ რაღაც კურსებს, რომელიც სავიზო განყოფილებაში კომერციულ საწყისებზე უნდა ჩამოაყალიბონ, ვნახოთ, რას იზამენ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. უკეთესია, მის კულტურას თავად რუსეთი მიჰყვებდეს, - ისეთ კულტურას, როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო ენის კურსების გახსნაზე, რაც კომერციული სტრუქტურა იქნება, სავიზო განყოფილებასთან არსებული. ალბათ, ამას ზურაბ აბაშიძე უკეთ იტყვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ირკევა, რომ მსგავსი ცენტრის გახსნის მცდელობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, აღნიშნულზე ბიბლიოთეკამ უარი თქვა და თანხმობის გაცემას არც მომავალში გეგმავს:  


„ერთხელ, ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად მსგავსი ტიპის ორგანიზაციების დაფუძნება–გამოყენება კარგად აპრობირებული და ცნობილი პრაქტიკაა. ეს მეთოდი რუსეთის ხელისუფლებას ბოლო წლებში საქართველოშიც აქვს გამოყენებული.

მ ეტაპზე უცნობია, რეალურად რაზე საუბრობდა კარასინი, ამ ჯერზე რა გეგმა აქვს კრემლს, ვინ გეგმავს აღნიშნული ცენტრის დაფუძნების ღონისძიებაზე რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლას და აქვთ თუ არა მათ დარღვეული ოკუპირებული  ტერიტორიების შესახებ საქარველოს კანონი, თუმცა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გათვალისწინებით, ღონისძიებას ქართველი ანალიტიკოსები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ. შესაბამისად, როგორც ჩანს, ცენტრის გახსნა საქართველოში მშვიდად არ ჩაივლის.  

"რაც მეტი ენა ეცოდინება ჩვენს ბავშვებს და ჩვენც, უკეთესი იქნება, მაგრამ მგონი, ეს საქართველოს განათლების სამინისტროს საქმეა. ჩვენ რუსეთის მხრიდან ამ საქმეში დახმარება არ გვჭირდება", - ფიქრობს „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ „კულტურის ცენტრი“ რეალურად, რუსული სპეცსამსახურების ფილიალი იქნება საქართველოში:


„შემიძლია, ყველა დავარწმუნო, რომ ამას კონტრრეაქცია მოჰყვება და აქ ამ ცენტრის გახსნა მარტივი არ იქნება. ეს ზაფხულში დეპუტატ სერგეი გავრილოვის აქ ჩამოსვლის მაგალითზე ვნახეთ. ყველამ კარგად ვიცით, ეს ცენტრი, საბოლოო ჯამში, რა იქნება: იქნება რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალი, როგორც ყველგან და ყოველთვის. ამაზე თანხმობის გაცემა რასაც ნიშნავს, ყველას უნდა გვესმოდეს – ეს არის ეროვნული ინტერესების მოღალატე ხელისუფლების ნაბიჯი“.

კარასინის მიერ დაანონსებულ ნაბიჯში რუსულ პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილიც:


„რუსეთის იმპერიის ხასიათი არასოდეს იცვლება, იცვლება მხოლოდ ტაქტიკა. რაც შეეხება მიზანს, ეს ისევ საკუთარი გავლენის აღდგენაა ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს. დღეს მოსკოვს არ შეუძლია, საელჩო გახსნას თბილისში, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ ამაზე დათანხმება იქნებოდა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. "დამოუკიდებლობის" არაპირდაპირი აღიარება (არ შეიძლება, ერთ ქვეყანას 3 საელჩო ჰქონდეს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე).    ამიტომაც, როგორც ჩანს, საუბარი დაიწყეს ე.წ. "კომპრომისულ ვარიანტზე", რომლის მიღებაც კაპიტულაციის ტოლფასია ჩვენი მხრიდან. ეს ე.წ. "რუსული ენისა და კულტურის ცენტრი» იქნება რუსეთის არაოფიციალური საელჩო, თავისი სპეცსამსახურების აგენტურითა და კრემლისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა ატრიბუტით. და თავად მოსკოვში ეს აღქმული იქნება, როგორც სერიოზული დათმობა თბილისის მხრიდან“,– განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

მისი დაკვირვებით, შემდეგი ეტაპი რუსეთის მხრიდან დამატებითი მოთხოვნების დაყენება იქნება:

„რა თქმა უნდა, მოსკოვი ამაზე არ გაჩერდება და კიდევ უფრო მეტ დამთობას მოითხოვს საქართველოს მხრიდან. ამდენად, ეს პერსპექტივა სრულიად მიუღებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.                                   არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ საქართველოს ხელისუფლებაში შექმნილი სიტუაციის მთელს სერიოზულობას. თუ ათვითცნობიერებენ და ეთანხმებიან, ამას სხვა სახელი ჰქვია. ცალკე თემაა, რამდენად შეეგუება ქართული საზოგადოება ასეთ პერსპექტივას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ე.წ. "რუსული ენისა და კულტურის ცენტრის" გახსნის მცდელობა იმაზე მეტად გააერთიანებს და დარაზმავს ქართველ ხალხს, ვიდრე გავრილოვის ავადსახსენებელი ამბების დროს ვიხილეთ. ქართული საზოგადოება არ აპირებს კრემლისთვის ამ ქვეყნის ჩაბარებას და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ღრმად ვარ დარმუნებული, რომ თუ ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება გახდა საჭირო, ამაზე უკან არავინ დაიხევს".

«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს» წარმომადგენელი  გიორგი მოლოდინი თბილისში რუსული ცენტრის დაგეგმილი გახსნის შესახებ ინფორმაციაზე დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.


„მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლების დისკრედიტაციას საქართველოს მოსახლეობის თვალში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს დაძაბული შიდა პოლიტიკური ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესებას. კრემლთან ურთიერთობაში რეგულირების, დათბობის, დათმობის პოლიტიკა არის ყოვლად უსარგებლო არჩევანი. კრემლის მიზანი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების დისკრედიტაცია მანამ, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო იარსებებს. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ კარასინმა მაშინ გაავრცელა, როცა ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალიდან გათავისუფლების საკითხი, წესით, ოფიციალური თბილისისთვის პოლიტიკური ღირსების თემა უნდა იყოს. „ცენტრი“ შეიძლება, არც გაიხსნას, მაგრამ თუ შესაბამისი განმარტებები დროულად არ გაკეთდება, ეს ინფორმაცია მიზანს მაინც მიაღწევს“ - განუცხადა «აქცენტს» მოლოდინმა.

ზურაბ აბაშიძე საკითხში გარკვევას პრაღიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს. არ არის გამორიცხული, მას ამ საკითხზე პარლამენტშიც მოუწიოს წარდგომა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"