კობახიძე: "ოპოზიციას შეგვიძლია, მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ"

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ, ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ​", - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, დღეს გამართულ შეხვედრაზე რას შესთავაზებს ხელისუფლება ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად.

კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი "გერმანული მოდელი" კონსტიტუციასთან შეუსაბამოა:

"საუბარი გვექნება კონკრეტულ შემოთავაზებებზე. თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით ნაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და ნაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ "გერმანულ მოდელს", ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ".

სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" განიხილავენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრა ესწრება დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრება "სირცხვილიას" და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე: ხელისუფლების საარჩევნო ვნებანი

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო