"ჩვენი შეხვედრაზე არდაშვება არის მცდელობა, გააჩინონ დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში"

პარლამენტთან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ეხმიანება შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება და აცხადებს, რომ „სირცხვილიას“ შეხვედრაზე არდაშვება არის მცდელობა, გააჩინონ დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში".

„ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.

ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.

„სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს“, – წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში. 

სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" განიხილავენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრა ესწრება დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრება "სირცხვილიას" და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე: ხელისუფლების საარჩევნო ვნებანი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს