ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 6–საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

სამწუხაროდ, შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, – ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი – მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ან ე.წ.ხელისუფლება არ წამოვიდოდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყო მზად და უარი თქვა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის განხილვაზე.

„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი –  აბსოლუტურდ არაფრისთვის მზად არ იყვნენ. არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე – კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და, რომელზეც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე – ჩვენ დავადასტურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ სამწუხაროდ, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. თუ იქნება მეორე რაუნდი, ჩვენ დავადასტურეთ, რომ დავესწრებით, არ მივცემთ არასოდეს ე.წ. „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრის დასაწყისშიც და დასასრულსაც მათ დააყენეს სეხვედრებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის საკითხი და საერთაშორჯისო პარტნიორებს ამ საკითხისადმი ყურადღების გამახვილება სთხოვეს. 

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე–პრემიერმა თეა წულუკიანმაც

„შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება.

ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, „ქართული ოცნება“ არაფერს დაიზარებს.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოიტანა, რომელიც მათ დაარწმუნებდა, რომ „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციური.

„ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციურად და ხომ არ არის პოლიტიკურ გუნდში იმის მზაობა, რომ კოსტიტუციის ცვლილება ვცადოთ, რომ გერმანული მოდელი ვაქციოთ კონსტიტუციურად, ამაზე ჩვენი პასუხი იყო, არის და იქნება რომ -არა, ჩვენი გუნდის შიგნით ვერ ვხედავთ რესურსს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. თუმცა დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ქვეყანას ვცემთ პატივს და რა თქმა უნდა, თუკი იქნება მომავალში, შეხვედრა ჩაინიშნება, ჩვენ ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმიროში“, დიპლომატების მონაწილეობით, 10:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს