"ახლა მათი ამოცანაა, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ მას  დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს.

„ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ როგორც ადრე, 26 ივნისი იყო, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინე, უბრალოდ შემდეგ გზად გადაიფიქრეს, რეალურად ახლა მათი ამოცანა, რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების  გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს აბსურდულს უწოდებს:

„შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუარ ვცდები, დაახლოებით, 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული, თავიდან, 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინდაინ 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე. აბსურდული საქმე იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის: სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული და მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.  შესაბამისად, სავარაუდოდ, პარლამენტი მელიას სადეპუტატო მანდატის საკითხზე იმსჯელებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"