ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მან შესაბამისი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19) რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით, ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ამასთან, გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვაში.

ცნობისთვის: თავაძემ 22 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის გადადების თხოვნით მიმართა. ზაზა თავაძე განხილვის შეჩერების თხოვნის მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"