ცხინვალმა ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის კვეთის რეჟიმი შეარბილა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვა მოხსნა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ოსური "უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც ბიბილოვი ხელმძღვანელობდა. 

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, სახელმწიფო საზღვრის კვეთის "რაზდახანის" [ოსური სახელწოდება - რედ.] პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის [ახალგორის - რედ.] რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის 119-ე დადგენილება, არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე" - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, მისივე ცნობით, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" და რუსეთის მოქალაქეობა, პენსიის მიღებისთვის პირობების შესაქმნელად აღრიცხვაზე აიყვანენ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდში“.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნაზე.

ოქტომბრის ბოლოს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ოჯახს პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთ კვირაში ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და ოჯახის თხოვნის მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც ის გადმოატარეს.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ მესამე თვეა, შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში სწავლაზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო