პარლამენტს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

პარლამენტს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის თქმით, იგი არა მარტო "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო მანდატს, არამედ პოლიტიკასაც ტოვებს.

"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა. ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად - ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, - ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ", – აცხადებს ზოიძე.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.  

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვების შესახებ გამოაცხადეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ. 15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"