"ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს, რადგან მიაჩნია, რომ "კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის".

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში. აქ რომ იყოს პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბარი, ბუნებრივია, შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია და ხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან არ გვაქვს საქმე. ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს:

„ამ საკითხს აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ბუნებრივია, პარლამენტში არის იმაზე მეტი კრიმინალი, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელიაა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად. აქ არის ცალსახა საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს“.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმის გარდა, ნიკა მელიას 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, სავარაუდოდ, პარლამენტი მელიას სადეპუტატო მანდატის საკითხზე იმსჯელებს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"