კლინიკები, რომლებიც სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საკეისრო კვეთების გადაჭარბების გამო, ხუთი კლინიკა დაჯარიმდა. მონაცემები საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, დაჯარიმებული კლინიკები და მათზე დაწესებული სანქციებია:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 49800 ლარი.

2. ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – 149700 ლარი

3. ემბრიო – 111900 ლარი

4. ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა – 115800 ლარი

5. ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი – 99900 ლარი

6. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი – 49500 ლარი.

ამასთან, მიმდინარე წელს, სამეანო-ნეონატალური სერვისის მომწოდებლის სტატუსი შეუწყდა ერთ სამედიცინო დაწესებულებას – ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3- ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა.

ამასთან, სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"