პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობის გამომწვევი ქმედებების პრევენციას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

„ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული და წინასწარ უნდა მოხდეს შესაძლო დაპირისპირების გამომწვევი ქმედებების პრევენცია.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაციაა, რომ მომავალში, იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ძალადობის და ესკალაციის პროვოცირებას ახდენენ, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს სარისკო მოქმედებები:

„კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ. ჩვენ, პოლიტიკოსები ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება“.

2 დეკემბერს, თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბჭოთა იმპერია-სახელმწიფო, რომელმაც კანიბალები და მორჩილების ცნობიერება შექმნა