უმუშევრობის პრობლემის დაძლევის ახალი ივანიშვილისეული ხედვა: რას ფიქრობს ხალხი და ექსპერტები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  «ქართული ოცნების» მმართველობის პერიოდში, 2013-2018 წლებში ყოველწლიურად ქვეყნიდან ემიგრაციაში საშუალოდ 90 000–ზე მეტი ადამიანი მიდიოდა. ამასთან, 2017 წელს, გასულ წლებთან შედარებით, ემიგრანტთა ნაკადი შედარებით შემცირდა, ისევე, როგორც მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის), თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ უარყოფითი იყო. რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას ვერ ხედავს და რომ ამ ეტაპზე უფრო მარტივად მიაჩნია, მოსახლეობის უმუშევარი ნაწილი ლეგალურად დაასაქმონ ევროპის სახელმწიფოებში.

„უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები, მაგრამ აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ეს ქვეყნები ისეთივე გაცლილია, როგორც საქართველო.  ეკონომიკური სხვაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად არიან დასაქმებულნი და ამის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, შესაძლოა, ამ გზით დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ევროპაში ლეგალურად წავიდნენ. მათი უმეტესობა არალეგალურადაა დასაქმებული. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და არიან ღირსებაშელახულები. ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა გერმანიასთან და შეიძლება, რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში, პრინციპში, ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა "ტელეიმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რას ფიქრობენ ამაზე თავად საქართველოს მოქალაქეები?  

გიორგი, 46 წლის: „მე არა მხოლოდ მიფიქრია უცხოეთში წასვლაზე, მიცხოვრია კიდეც იქ, მიმუშავია ესპანეთში. მაგრამ რატომ დგას საკითხი ასე, რატომ უნდა მიდიოდეს საქართველოს მოქალაქე უცხოეთში? განა უკეთესი არ იქნება, ხალხმა სამშობლოში იმუშავოს და განავითაროს ქვეყანა?! მე იმიტომ დავბრუნდი, რომ უცხოეთში მეათე სორტის ადამიანი ვიყავი. თუნდაც სამშობლოში უფრო მცირე ხელფასი მქონდეს, აქ მირჩევნია, უბრალოდ ნორმალური, ადამიანური ცხოვრება მაინც უნდა უზრუნველყონ.

ქეთევანი, 19 წლის: წასვლაზე არასოდეს მიფიქრია, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდებოდი.

ელზა, 29 წლის: სამომავლოდ ვგეგმავ ქვეყნიდან წასვლას - კანადაში ან ესპანეთში. ჯერ ტურისტად წავალ, ვნახავ, რა ხდება იქ, მივიღებ ახალ გამოცდილებას: 29 წელია, აქ ვცხოვრობ და ხომ უნდა გავიფართოვო თვალსაწიერი? ვიცი, რომ ესპანეთში სამსახურის შოვნა ადვილი არ არის, განსაკუთრებით - თუ ენა არ იცი და არ იცნობ ქალაქს... მაგრამ იქ ცხოვრებას ნამდვილად ვისურვებდი.

იზოლდა, 65 წლის: არასოდეს მიფიქრია წასვლაზე და არც სამომავლოდ ვაპირებ. საქართველოშიც შეიძლება, ნორმალურად იცხოვრო. აქედან არასოდეს წავიდოდი მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემს შვილს კარგი მანქანა ჰყავდეს, ან ჩემმა ოჯახმა სასახლეში იცხოვროს.

ქეთევანი, 60 წლის: სად უნდა წავიდე, შვილო? ჩემს ქვეყანას სხვისაზე გავცვლი?!

ნიკალა, 20 წლის: საფრანგეთში ვაპირებ საცხოვრებლად წასვლას. თავად ქვეყანაა უკეთესი. სხვა ქვეყნებს არ განვიხილავ. საქართველო, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიზიდავს. თუნდაც იმიტომ, რომ არატოლერანტულები ვართ. საფრანგეთი ევროპის ცენტრია და ცხადია, საქართველოზე ბევრად განვითარებული.

თორნიკე, 21 წლის: უცხოეთში არც ვყოფილვარ და აქაური გარემო არანაირ პრობლემას არ მიქმნის, შესაბამისად, წასვლაზე არ მიფიქრია და არც მომავალში ვაპირებ წასვლას.

მარი, 28 წლის: პირადად მე წასვლას არ ვაპირებ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი ნაცნობი უკვე წასული და ბევრიც აპირებს წასვლას.

ნიტა, 17 წლის: სამომავლოდ, დიდი ალბათობით, წავალ. ვფიქრობ, ევროპაზე ან აშშ–ზე, რადგან იქ მეტი პერსპექტივაა. ვისწავლიდი და ვიმუშავებდი იქ, შემდეგ დავბრუნდებოდი. თუმცა შესაძლოა, უბრალოდ მეშინია, საკუთარ თავს გამოვუტყდე, რომ შეიძლება, აღარც დავბრუნდე.

ზვიადი, 26 წლის: წასვლაზე მიფიქრია, თუმცა მხოლოდ სამუშაოდ. საქართველოს სამუდამოდ ვერ დავტოვებ. თუ წავალ, მხოლოდ 3–4 წლით, წავიმუშავებ, ფულს შევაგროვებ და ჩამოვალ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „როგორც წესი, ხელისუფლებები საპირისპირო ხასიათის დაპირებებს იძლევიან».

«ყველას სურს, მათი თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად ააშენონ უკეთესი სახელმწიფო. ივანიშვილის შემთხვევაში საპირისპირო ისტორიას ვადევნებთ თვალს. ის ფაქტობრივად, ამბობს, «ამ ქვეყნის ეკონომიკას არაფერი ეშველება და ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ ბილეთები აგიღოთ და გაგიშვათ უცხოეთში სამუშაოდ, რადგან აქ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნითო»... ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ადამიანისგან, რომლის იმედიც, შესაძლოა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც კიდევ აქვს ხალხის გარკვეულ ნაწილს. მას პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმის გამოსხივებაც კი ეზარება. იმავე ინტერვიუში დაპირებების შესრულებაზე საუბრისას ბრძანა, «7 წლის გამმავლობაში არ მახსენდება რაიმე სერიოზული დაპირება, რომელიც არ შესრულებულაო», თუმცა ფაქტია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მან არც ერთი სისტემური დაპირება არ შეასრულა“ - განუცხადა «აქცენტს» ხუხაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კი ივანიშვილის განცხადებას გაუმართლებლად მიიჩნევს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც:

"გაუმართლებელია, როდესაც პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას, ეუბნება მოქალაქეებს, რომ საქართველოში მათი დასაქმების პერსპეტქივა ფაქტობრივად არ არის და იმისათვის, რომ დასაქმდნენ, იგი შეეცდება, მათ უცხოეთში რაღაც ლეგალური პირობები შეუქმნათ. ჩვენთან სიკვდილიანობაზე მეტი შობადობაა საბედნიეროდ, თუმცა უარყოფითი ბალანსი მაინც არის იმის გამო, რომ სოციალური პრობლემების მიზეზით ქვეყნიდან უამრავი ადამიანი გაედინება. ბოლო 15 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი მოქალაქეა გასული. ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს ყველასთვის, არა მარტო ხელისუფლებისთვის და გადაწყვეტის გზები უნდა ვეძებოთ არა იმაში, რომ ეს გადინება, პირდაპირ თუ ირიბად, კიდევ წავახალისოთ, არამედ იმაში, რომ მათ აქ, ადგილზე შევუქმნათ საკადრისი და სათანადო პირობები დასაქმებისთვის", - განუცხადა "აქცენტს" კეპულაძემ.

ამასთან, მისი თქმით, არ არის აუცილებელი, მთავრობამ პირდაპირი სამუშაო ადგილები შექმნას, - მთავარია, მან ბიზნესს შეუქმნას პირობები დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

"მე არ ვიცი, რას ემსახურებოდა ივანიშვილის ეს განცხადება, თუმცა ეკონომიკური თავლსაზრისით, წარმოუდგენელია ასე ქვეყნის წინ წაყვანა, რადგან ვერ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუ საქართველოს მოსახლეობა წლიდან წლამდე ასე შემცირდება“, - დასძენს ექსპერტი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია