რუსული ავიაემბარგოს მიუხედავად იანვარ-ნოემბერში ტურისტული ნაკადი 6,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ნოემბერში გაიზარდა როგორც საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და უშუალოდ ტურისტების რაოდენობაც. 

უწყების ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოს სულ 338 000 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით 10%-ით მეტია. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდაა.  

რაც შეეხება ჯამურად მიმდინარე წელს, იანვარ-ნოემბერში საქართველოს სულ 4,7 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს აკრძალა,  ტურიზმი ზრდის ტემპები შემცირდა, თუმცა კლებაში არ გადასულა. 

იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით მეტია. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 8,690,352 შეადგინა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ცნობისთვის: ავიაემბარგო რუსეთმა მიმდინარე წლის ივლისში პუტინის ბრძანებით იმ მოვლენების შემდეგ შემოიღო, რომელიც საქართველოში „გავრილოვის ღამედ“ მოინათლა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"