როგორია მოსწავლეების ცოდნის დონე საქართველოში - კვლევა

2015-დან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოსწავლეების ცოდნის დონის მაჩვენებელი გაუარესდა,- ნათქვამია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში.     

კვლევის თანახმად, 2018 წელს კითხვაში მოსწავლეებმა 380 ქულა მიიღეს, 2015 წელს კი, ეს მონაცემი 401 იყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი კი 487-ია.

რაც შეეხება მათემატიკას, ამ მიმართულებით საქართველოს 398 ქულა აქვს, წინა წელს 404 ჰქონდა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაჩვენებელი 489-ია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მაჩვენებელია 383, წინა, 2015 წლის კვლევის თანახმად კი, ეს მონაცემი 411-ს შეადგენდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი 489-ს შეადგენს. ბოლო სამწლიანი კლების მიუხედავად, 2009-2019 წლის პერიოდში სამივე ამ მიმართულებით საქართველოს მოსწავლეებმა პროგრესი აჩვენეს.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში, 2009 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლე გოგოებისა და ბიჭების მიღწევებს შორის სხვაობა შემცირდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, კითხვაში 2009 წელთან (61 ქულა) შედარებით 2018 წელს ეს განსხვავება ნაკლებია (38 ქულა). მათემატიკაში განსხვავება ოთხ ქულას შეადგენს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში (OECD) ეს მაჩვენებელი ხუთია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსხვავება 14 ქულას შეადგენს (OECD-ის შემთხვევაში განსხვავება ორია).

ამასთან, დაბალი და მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში (68 ქულა) უფრო მცირეა, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)  ქვეყნებში (89 ქულა).

PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს 15 წლის მოსწავლეთა ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო აღნიშნულ პროგრამაში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"