ჩერქეზების ახალი კამპანია ხელოვნურად გაყოფილი ხალხის გასაერთიანებლად

2020 წელს რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღწერა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ჩერქეზი აქტივისტები კვლავ გამოვიდნენ ლოზუნგით „ერთი ხალხი –  ერთი ეთნონიმი“. სოციალურ ქსელებში აგიტაცია დაიწყო. არ დააყოვნა ოფიციალურმა რეაქციამაც – კონტრკამპანიამ აღნიშნული ინიციატივის დასაგმობად.

ჩერქეზ აქტივისტ ასლან ბეშტოს განცხადებით, მათი აქციის მიზანს "გაყოფილი ხალხის გაერთიანება და იმ ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რომლის განადგურებასაც ცდილობენ სხვადასხვა ვაი–მეცნიერები“:

„ჩვენთვის – მათთვის, ვინც თავს ადიღებს უწოდებს, ჩერქეზი – ეს ეგზოეთნონიმია, რომელსაც მთელი ჩვენი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა უკავშირდება, ასე თუ ისე აღწერილი ჩვენი ისტორიის მანძილზე. მთელმა ამ აურზაურმა, რომელიც ტერმინ „ჩერქეზის“ ირგვლივ დაიწყო, გვაიძულა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისთვის მიგვემართა თხოვნით, განემარტა, ვინ არიან ჩერქეზები. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიის ინსტიტუტმა ამომწურავი პასუხი გაგვცა: აქ ინტერპრეტაციების საფუძველი არ არსებობსო. ნებისმიერ სხვა ენაზე მათ, ვინც თავს „ადიღებს“ უწოდებს, ჩერქეზებს ეძახიან. მოსახლეობის აღწერა რუსეთში რუსულ ენაზე წარმოებს, შესაბამისად, რუსულად დასმულ კითხვას, „ვინ ხარ ეროვნებით?“, რუსულადვე უნდა უპასუხო: „მე ჩერქეზი ვარ“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აგიტაცია ბოლო საყოველთაო აღწერის წინ, 2010 წელსაც წარმოებდა. მაშინ ყაბარდო–ბალყარეთში საზოგადოებრივი აქტივისტების მოწოდებას ცოტა თუ გამოეხმაურა, თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, 490453 ყაბარდოელი და 2475 ჩერქეზი, და ეს  – იმ ჩერქეზების გათვალისწინებით, რომლებმაც ყარაჩაი–ჩერქეზეთი დატოვეს.

ასლან ბეშტო ესოდენ მოკრძალებულ შედეგს მძლავრ წინააღმდეგობას უკავშირებს. 2010 წელს რეგიონულმა ხელისუფლებამ საპასუხო კამპანიის ორგანიზება მოახდინა. ინიციატივას გმობდა სამთავრობო მედია, ჩინოსნები და პროსახელისუფლებო „საზოგადო მოღვაწეები“. და ახლა, როცა აგიტაცია ახალდაწყებულია, ოფიციალური მედიის ფურცლებზე იგივე რეაქციას ვხვდებით.

ასლან ბეშტოს საკუთარი ოჯახის მაგალითი მოჰყავს იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მუშაობდა ადმინისტრაციული რესურსი 2010 წლის საყოველთაო აღწერისას:

„როდესაც აღწერის ჩასატარებლად მოვიდნენ, ეროვნების შესახებ კითხვის დასმას არც აპირებდნენ. პრინციპში, ამ კითხვას შემთხვევების 90%–ში არ სვამენ. ეროვნების გრაფაში ავტომატურად წერენ ყაბარდოელს. ასე იყო დღემდე. როდესაც მამაჩემმა მოსთხოვათ, ჩერქეზებად ჩავეწერეთ, მომხდურმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ეს საკითხი თავის ხელმძღვანელობასთან უნდა განეხილა. რომ გადარეკა, ჰკითხეს, რა მისამართზე იმყოფებოდა. მაშინ უპასუხეს, „როგორც უნდათ, ისე ჩაწერეო“. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ჩემს ოჯახში იყო მოსული და სკანდალს მოერიდნენ. სხვაგან რომ ყოფილიყო, ყაბარდოელებად ჩაწერდნენ. შემთხვევების 99%–ში სწორედ ასე ხდება. წინა აღწერის შედეგებმა დაგვარწმუნა იმაში, რომ რეგიონულ ხელისუფლებას პირდაპირი მითითება აქვს მიღებული, ჩვენს ინიციატივას წინააღმდეგობა გაუწიოს. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ უნდა, ადიღებმა საკუთარი თავი ერთიან ხალხად იგრძნონ, რომლებსაც როგორც თავად, ისე სხვები ერთი სახელწოდებით მოიხსენიებენ და ერთიანი კულტურა გააჩნიათ“.

ალბათ, ერთადერთი ჩერქეზული სუბეთნოსი, რომელსაც რუსული კანონმდებლობის თვალსაზრისით, არ აწყობს ჩერქეზებად ჩაწერონ, მცირერიცხოვანი შაფსუგები არიან. პრეფერენციები, რომელთაც მცირერიცხოვან ხალხებს კანონი ანიჭებთ, საკმაოდ წონადია: ჯარში მსახურისგან გათავისუფლება, კვოტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ბინადრობის გარემოს, საკარმიდამო მიწების ხელშეუხებლობა, სახალხო რეწვის განვითარება და სხვა. თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით ჩერქეზი აქტივისტები ხუმრობენ, შაფსუგებს სახელმწიფოს დაცვის შანსი ექნებოდათ, ოხოცკის ზღვის ნაპირზე რომ ცხოვრობდნენ და არა შავიზღვისპირეთის სუბტროპიკებში.

„მცირერიცხოვან ხალხთა შესახებ რუსული კანონი შაფსუგიაში არ მუშაობს, არც 10–15 წლის წინ მუშაობდა, რადგან კრასნოდარის მხარეს არანაირი საკანონმდებლო ქვეაქტები არ მიუღია და, შესაბამისად, მცირერიცხოვან ხალხთა არანაირი უფლება შაფსუგებზე არ გავრცელებულა. მახსოვს, როგორ ცდილობდნენ შაფსუგი საზოგადო მოღვაწეები სასამართლოს მოგებას ჯერ სოჭში, შემდეგ ერთი ოთხჯერ კრასნოდარში...უზენაეს სასამართლომდეც მივიდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი საჩივარს კვლავ კრასნოდარში აბრუნებდა. ამრიგად, მდგომარეობა უიმედოა. 10 შაფსუგიც რომ დარჩეს, მცირერიცხოვან ხალხად არ აღიარებენ“,– ამბობს ჩერქეზი აქტივისტი მაიკოპიდან ალი ბგანე.  

პარალელი რომ გავავლოთ, მაგალითად, გერმანელებთან, ეს დაყოფა დაახლოებით ასეთი იქნებოდა: ცალკე ეროვნებები – ბავარიელები და ტიროლელები, ცალკე – გერმანელები (deutsch).  

საბჭოთა დროსაც ჩერქეზები თავს ხელოვნურად გაყოფილ ხალხად თვლიდნენ: სუბეთნოსების სახელების მიხედვით  ყაბარდოელებად და შაფსუგებად, ადიღებად და ეგზოეთნონიმის მიხედვით ჩერქეზებად. მსგავსი დაყოფის აშკარა აბსურდულობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირში თემა ტაბუირებული იყო. პარტიული ორგანოები მის ნებისმიერ განხილვას ძირშივე კვეთდნენ და პირიქით, მიესალმებოდნენ პუბლიკაციებს, სამეცნიერო ნაშრომებს და ა.შ., რომელიც ვითომდა ამტკიცებდა, რომ ეს სხვადასხვა ხალხებია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე