დაცული ტერიტორიების სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

"დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც ამ მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები,"- წერია განცხადებაში.

მანამდე „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგოს ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში. ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგოს პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp