მინისტრი: საქართველოში კორონავირუსის რისკი მომატებულია

26-02-2020 14:11:46 საზოგადოება ,საშინაო პოლიტიკა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებზე ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას, ეს პროცესი პირად კონტროლზე მყავს აყვანილი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო სასმსახური აქტიურად არიან ჩართულები. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. საფრთხის რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება, დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან პრევენციული კონტროლისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, იტალიასთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება:

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე ჩვენი სპეციალისტების მიერაც და საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები