“რუსებთან ბოდიში, მაგრამ...": რატომ დაუჭირეს მხარი და რას მოუტანს სოხუმსა და ცხინვალს «პუტინი-2036”

13-07-2020 13:48:59 კონფლიქტები

თუ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ (ძალზე საეჭვოს, მაგრამ მაინც), რუსეთის მსგავსად, მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმაც, უფრო ზუსტად კი ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო ვადებს უნულებს და ხელს უხსნის, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

კერძოდ, რუსეთის ცსკ-ის მონაცემებით, თავად ქვეყანაში ხსენებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 78%-მა დაუჭირა მხარი; სოხუმში – 66.75%-მა, ცხინვალის რეგიონში გახსნილ სამ უბანზე კი – შესაბამისად, 82.57%-მა (ცხინვალის საარჩევნო უბანი), 97.29%-მა (რუსი სამხედროების მიერ ხმის მიცემის შედეგი) და 94.26%-მა (ჯავის საარჩევნო უბანი).

ამასთან, რუსეთის ცსკ-ისა და სოხუმში “რუსეთის ფედერაციის საელჩოს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: ე.წ. საელჩოს მტკიცებით, პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის 2722-მა მოქალაქემ (92,15%) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა 171-მა (5,79%) მისცა, 61 ბიულეტენი გაუქმებულად გამოცხადდა; რუსეთის ცსკ-ის ცნობით კი, ხმები ასე გადანაწილდა: 5517 (66.75%) მხარდამჭერი, 2631 (31.83%) მოწინააღმდეგე, 117 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

თუმცა ტოტალურ დარღვევებსა და გაყალბებაზე მეტყველი უამრავი სხვა გარემოებისა და ფაქტის ფონზე ამას ალბათ, არსებითი მნიშვნელობა აღარც აქვს...

ბევრად მნიშვნელოვანი და საინტერესო ის მიზეზებია, რომელმაც რეალურ მხარდამჭერებს პუტინის ამ გაუგონარი, 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის სრულიად შეუსაბამო ცვლილებებისთვის ხმა მიაცემინა:

იხილეთ ასევე: «ეს ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაა”: აფხაზები - პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

“როგორც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა, დიახ, ვფიქრობ, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ და სხვა მსგავს კენჭისყრებში. მინდა ვკითხო მათ, ვინც ამას ასე სასტიკად ეწინააღმდეგება: რით ფიქრობდით, როცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას იღებდით? - ეს ხომ სახუმარო გადაწყვეტილება არ იყო?! მას შემდეგ აფხაზეთს ამდენი წელია, ყველაფერი აწყობდა და ახლა უცებ ზოგიერთებს “პოზაში ჩადგომა” მოუნდათ?! მივიღეთ მოქალაქეობა? - ესე იგი, იმ დღიდან რუსეთის მოქალაქეები ვართ და დიახ, ყველა შესაბამის საარჩევნო პროცესშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ვისაც ეს არ სურს, ვურჩევ, გავიდეს რუსეთის მოქალაქეობიდან, უარი თქვას მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე (რუსეთში მკურნალობაზე, უცხოეთში ცხვირის გაყოფაზე...) - და მერე გააგრძელოს გულში მჯიღის ცემა აფხაზური პასპორტის ქნევით!” - ამბობს გაგრელი ასიდა ჩ.

"რუსეთში რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ვინ იცის, რა დამოკიდებულება ექნება აფხაზეთის მიმართ ახალ ძალას? - ვაი და უარი თქვას ჩვენთვის ხელფასების, პენსიების გადახდაზე?! ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ჩვენი სახელმწიფოს არსებობა რუსული დახმარების გარეშე" – განმარტავს თავის არჩევანს სოხუმში, ერთ-ერთ დე ფაქტო სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ალინა.

“მთელი აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა შეინარჩუნოს: სანამ პრეზიდენტი ის იქნება, აფხაზეთს არაფერი ემუქრება და თუ ამისთვის კენჭისყრებში მონაწილეობაა აუცილებელი, ამას თუნდაც ყოველდღე გავაკეთებ” – აცხადებს სოხუმელი საიდ ა.

“რა მოხდა მერე, თუ კენჭისყრაში გვიწევს მონაწილეობა? რა, რუსეთის მოქალაქეები არ ვართ? - გვაქვს უფლება და მივიღებთ კიდეც მონაწილეობას იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. პუტინმა რომ ასჯერაც ისურვოს პრეზიდენტობა, მას მივცემ ხმას – ჩემთვის სულერთია, რა ცხოვრებაა რუსეთში – ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, პუტინი არ წავიდეს” – ამბობს გაგრელი ნაალა შ.

ანალოგიური იყო საარჩევნო უბნებზე გასულთა მოტივი ცხინვალის რეგიონშიც. როგორც ადგილობრივი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი აღნიშნავს, ოსური მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ იმ პუნქტმა გაიყვანა, რომელსაც თავად რუსეთში ყველაზე აქტიურად აპროტესტებენ – კერძოდ, პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებამ:

«ოსებისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში სწორედ ეს პუნქტია მნიშვნელოვანი: პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება ჩვენთან დაკავშირებით ვითარების ერთგვარი დაკონსერვების საშუალებას იძლევა; ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ პუტინის მმართველობისას სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, საქართველოს არავინ გადაგვცემს და ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. ამდენად, თავად რუსებთან, რა თქმა უნდა, დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია: ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება და პერმანენტული ქართული გენოციდისგან დახსნა ხომ რუსეთის სწორედ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უკავშირდება – ვლადიმირ პუტინს, დიმიტრი მედვედევს, ამ გუნდს... სამხრეთ ოსეთში სადღეისოდაც არსებობს შიში, რუსეთის ხელისუფლების სათავეში ის ე.წ. ლიბერალები არ მოვიდნენ, რომლებიც ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დაბრუნების იდეებს ლობირებენ. სწორედ ამის შიშმა უბიძგათ ოსებს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, წასულიყვნენ და პუტინის მმართველობის გახანგრძლივებისთვის მიეცათ ხმა».

თუმცა ორივე რეგიონში არსებობენ განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებიც.

"თუკი ნებისმიერი მისი საჭიროების შემთხვევაში აფხაზები რუსეთს უნდა ვუჭერდეთ მხარს, მაშ მის კონსტიტუციაზე საკუთარი აზრი არ უნდა გვქონდეს? თუ რუსეთი თანამედროვე სახელმწიფოებრივი მოწყობის ნორმებიდან კიდევ უფრო შორს წაიყვანს საკუთარ თავს, ეს ხომ ჩვენზეც ნეგატიურად აისახება... სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, როგორ იქნება ასახული ეს პერიოდი ისტორიის სახელმძღვანელოებში 30-40 წლის შემდეგ, როგორ აუხსნიან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს შთამომავლებს… ამით ხომ ირღვევა ყველა შესაძლო და შეუძლებელი ნორმა… და ეს ჩვენც გვეხება – აფხაზეთს და საკუთრივ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს" – ამბობს ისტორიის სოხუმელი პედაგოგი ლიანა, რომელმაც ე.წ. საყოველთაო კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა.

“[…] ყველაზე მეტად იმას ვისურვებდი, რომ ვცდებოდე და [პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების] ყველა მხარდამჭერთან ერთად სულ მალე დავინახო სასიკეთო ცვლილებები – ფასების დაწევა, სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალეობა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მსუბუქი მუხლებით გასამართლებულ პირთა ამნისტია, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კაბალური საბანკო კრედიტების პროცენტებისგან გათავისუფლება, ჩვენი ჩამპალი სასამართლო და სხვა სისტემების რეფორმირება (ამ ცვლილებების გატარება სურვილის შემთხვევაში უკვე დღესაა შესაძლებელი), ის, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყვნენ გაჭირვებულები და გაქონილი ოლიგარქები.… მაგრამ.... ყველასთვის მშვიდობა მსურს მსოფლიოში და არავითარი ფაშიზმი”” – წერს სოციალურ ქსელში ოსი უფლებადამცველი ფატიმა მარგიონი.

და მას არაერთმა კომენტატორმა დაუჭირა მხარი.

მაგრამ ფაქტია, რომ თავად რუსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხალხის დიდი რაოდენობა საარჩევნო უბნებზე რეალურად გავიდა და "პუტინ-36"-ს რეალურად მისცა ხმა, იმის გაცნობიერების მიუხედავად, რამდენად "დემოკრატიულია" და რა მოაქვს მის მმართველობას არა მარტო რუსეთის მოსახლეობისთვის, არამედ სოხუმისა და ცხინვალისთვისაც, რომლებზეც ის ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. თავად რუსეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანებმა პუტინისეულ ცვლილებებს ხმა მართლაც საკმარისი რაოდენობით მისცეს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ იმაზე აქტუალური, თუ როგორ გამოიყენებს პუტინი ამ კარტბლანშს, მათთვის სადღეისოდ სხვა საკითხებია.

არადა, რისთვის მოაწყო და რაში აპირებს ამ ყველაფრის გამოყენებას კრემლი - რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებიდან უკვე რამდენიმე დღეში გაცხადდა: სიმბოლურია, რომ პირველივე დოკუმენტად, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა, იქცა კანონპროექტთა პაკეტი არა, მაგალითად, მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების, არამედ კანონმდებლობის რეპრესიული ნაწილის გაძლიერების მიმართულებით.

"მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს მხოლოდ 1993 წლის ძირითადი კანონის ტექსტში შესატანი ცვლილებები იქნა მიღებული, რუსეთის ძველი კონსტიტუცია მასში დეკლარირებული ყველა ლიბერალური ნორმითა და სამოქალაქო უფლებით ფაქტობრივად გაუქმდა და ქვეყანამ ახალი – პუტინისეული “თანამოაზრეობის” კონსტიტუცია მიიღო" – თვლის რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფეოდორ კრაშენინნიკოვი.

გარდა ამისა, ეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის სამივე მოსმენით მიღება უკვე ივლისის ბოლომდე იგეგმება, გულისხმობს, მათ შორის, ექსტრემიზმის შესახებ ავადსახსენებელი მუხლის გაფართოებას, კერძოდ, “რუსეთისგან ნებისმიერი ტერიტორიის გაუცხოების” აკრძალვის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე დაყრდნობით ქვეყნის საზღვრების საკითხში კრემლისგან განსხვავებული ნებისმიერი მოსაზრების არსობრივად, დანაშაულად გამოცხადებას.

რა კავშირი აქვს ამ უკანასკნელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან? - სადღეისოდ თითქოს არანაირი, თუმცა ეს ჩანაწერი ბევრს ცუდად ენიშნა სოხუმში, რომელიც "რეფერენდუმის გზით აფხაზეთის სასწრაფოდ მიერთების აუცილებლობის" შესახებ მოსკოვში გაჟღერებული მორიგი განცხადების შემდეგ უკვე მეორე კვირაა, აღელვებული, შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია.

“ჩვენ ვიბრძოლეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლაში ბევრმა დადო თავი, ბევრი სისხლია დაღვრილი და თუ ვინმეს დღეს ვინმესთან [რუსეთთან] “მიწებება” სურს, თავად წაბრძანდეს და “მიეწებოს”! ჩვენი ქვეყნის სტატუსი განხილვის თემას არ წარმოადგენს – ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს რუსეთში! შესაბამისად, რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასა თუ სხვა ნებისმიერ მსგავს პროცესში, რატომ უნდა მივიღოთ საერთოდ აფხაზებმა მონაწილეობა რუსეთში დაგეგმილ თუ მიმდინარე რაიმე ცვლილებაში? - ეს რას ჰგავს საერთოდ? გვიბოძეს [რუსეთის] მოქალაქობა და რა – ამის გამო ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საზიანოდაც კი უნდა ვაძლიოთ რაღაცას ხმა?! სად უნახავთ მსგავსი რამ მსოფლიოში?! ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.... ჩვენ გაგვყიდიან, ჩვენ კი ამას თურმე, ხმა თავად უნდა მივცეთ!” - განუცხადა “აქცენტს” აფხაზეთის ომის სოხუმელმა ვეტერანმა ასლან ტ.-მ.

______________________________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება

_______________________________________________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_______________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

Новости

Другие новости