"მსურს, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მაგალითი გახდეს"

25-10-2020 20:16:29 სამართალი

"მსურს, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მაგალითი გახდეს", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა რთულია იმის პროგნოზირება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, თუმცა შემიძლია, გითხრათ, როგორი რეგიონი მინდა ვიხილო. მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ღრმა ინტეგრაცია. მინდა ვიხილო, რომ ოდესმე, მომავალში სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გარკვეულწილად გახდება მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა დგება“, - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, 25 ოქტომბერს აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება უნდა ამოქმედდეს.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები