რას და რატომ მოითხოვს აფხაზეთი საქართველოსგან ძალის არგამოყენების კუთხით?

13-04-2021 16:17:05 კონფლიქტები

მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისაგან, რომ საქართველო ამზადებს ახალ აგრესიას, რომ თბილისი ამ დრომდე განიხილავს აფხაზეთის ძალისმიერი დაპყრობის სცენარს, რომ აი, ქართველებმა დრონები შეისყიდეს და ნატო-სთან ერთად ლამის ხვალ შემოგვივარდებიან სახლებში. არგუმენტად ყოველთვის ერთი და იგივე ჟღერს – «საქართველო ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე დღემდე უარს აცხადებსო».

არ ვიცი, რა აზრები ტრიალებს ქართველი მმართველების თავებში, მაგრამ ძალიან მინდა, დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში.

დიახ, საქართველოს აფხაზეთთან შესაბამისი დოკუმენტი ამ დრომდე არ გაუფორმებია. და თუ მხოლოდ ამ ფაქტს დავეყრდნობით, არგუმენტი თითქოს მყარია: რაკი არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც გვსურს, არსებობდეს, მაშასადამე, საქართველოს ჩვენთან ომი უნდა. თუმცა მართლაც ასეა კი საქმე?

დასაწყისისთვის მოდით, ჩამოვყალიბდეთ, მაინც რას მოვითხოვთ საქართველოსგან და რამდენად შესრულებადია ჩვენი მოთხოვნა.

ყველამ ვიცით, რომ თბილისი სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ამას არც სამომავლოდ აპირებს. მაშ როგორ უნდა გააფორმოს ქართულმა მხარემ სოხუმთან ან ცხინვალთან რაიმე შეთანხმება ჩვენი არაღიარების პირობებში? თბილისისგან ამის მოთხოვნა იგივეა, ჩვენ რომ ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილების უკან გაწვევა მოგვთხოვონ. როგორც ჩვენ არ წავალთ არასოდეს ამ ნაბიჯზე, ისე საქართველო არ წავა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე. ასეთია რეალობა და ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.

ახლა განვიხილოთ საკითხი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. საქართველო მსგავს შეთანხმებას ვერც ჩვენ გაგვიფორმებს, ვერც ცხინვალს, რადგან საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები შეიძლება, მხოლოდ საერთაშორისო აღიარების მქონე სუბიექტებს შორის გაფორმდეს, თანაც მხოლოდ იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც ერთმანეთს აღიარებენ. ამავე მიზეზით ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ტაივანს არ აღიარებენ, მასთან არანაირი ოფიციალურად ხელმოწერილი დოკუმენტები არ აქვთ. ზუსტად ასევე ჩრდილოეთ კვიპროსს არ გააჩნია არავითარი ოფიციალური შეთანხმებები სახელმწიფოებთან, რომლებიც მას არ აღიარებენ. იგივეა კოსოვოს მიმართულებითაც. ანუ, სადღეისოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება უბრალოდ შეუძლებელია — შესაძლებელი ეს მხოლოდ თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გახდებოდა. დიახ, სოხუმსა და ცხინვალს შეუძლიათ, მოსკოვთან ერთად სხვა ქვეყნების მიერ აღიარების მიღწევის მცდელობა განაგრძონ, როგორც ეს კოსოვოს შემთხვევაში მოხდა. სოხუმი და ცხინვალი რომ, კოსოვოს მსგავსად, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა, აშშ-მა, 100-მდე სხვა სახელმწიფომ აღიაროს, შესაძლოა, საქართველოს, სერბეთის მსგავსად, ევროკავშირისა და აშშ-ის ზეწოლით გაეფორმებინა კიდეც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მსგავსი დოკუმენტები. თუმცა სადღეისოდ ცხინვალსა და სოხუმს აღიარების არც მსგავსი რაოდენობა აქვთ, არც მსგავსი ხარისხი და არც სამომავლოდ ჩანს ამის პერსპექტივა. სანამ ჩვენს «არსენალში» მხოლოდ რუსეთის, სირიის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუს აღიარებაა ვანუატუსა და ტუვალუს გაურკვეველ პოზიციებთან ერთად, თბილისისგან ჩვენთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების მოთხოვნას არც რაიმე აზრი აქვს, არც რაიმე საფუძველი — საქართველოსგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევის ეს გზა სრულიად უპერსპექტივოა.

თუ არსებობს სხვა გზები და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, სახელმწიფო რაიმე ვალდებულებას მეორე მხარესთან მსგავსი დოკუმენტის გაუფორმებლად იღებდეს? დიახ, მსგავსი პრაქტიკა არსებობს. საერთაშორისო სამართალში ამას საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების ცალმხრივად აღება ეწოდება. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ცალმხრივად აიღოს ნებისმიერი ვალდებულება, განაცხადებს რა ამის შესახებ გაერო-ში. 1974 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ბირთვული ტესტების შესახებ თავის ვერდიქტში (საფრანგეთი — ახალი ზელანდიის წინააღმდეგ) მსგავსი შესაძლებლობა დაუშვა. 2006 წელს საერთაშორისო სამართლის კომისიამ გამოსცა რაპორტი სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ სახელმწიფოების იმ ცალმხრივი განცხადებების თაობაზე, რომლებმაც შეიძლება, იურიდიული ვალდებულებების წარმოქმნა გამოიწვიოს. არსებობს რამდენიმე ათეული შემთხვევა, როცა სახელმწიფოები ამა თუ იმ ვალდებულებას ცალმხრივად იღებდნენ. შესაბამისად, დასაშვებია, საქართველოსგან მოგვეთხოვა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება აეღო. რატომ არ ვაკეთებთ ამას?

და აი, აქ მივდივართ ფაქტამდე, რომელსაც რუსული, აფხაზური და ოსუხი მხარეების წარმომადგენლები თავის საზოგადოებებს საგულდაგულოდ უმალავენ. რეალურად, საქართველოს მსგავსი ვალდებულება უკვე აღებული აქვს. 2010 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა იგი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. გარდა ამისა, მან გაერო-ს, ნატო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერებისადმი წერილებში დააფიქსირა, რომ «საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად ძალას არასოდეს გამოიყენებს». 2008 წლის ომის დასრულებისთანავე პრეზიდენტმა ასევე დაუდასტურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება ევროკავშირს. რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი 2008 წლის სექტემბერში, ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზისთან ერთობრივ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ «მსგავსი გარანტიები უკვე მიღებულია». მაშინ ცოტა თუ დაინტერესდა, რას გულისხმობდა მედვედევი. ის კი ნიკოლა სარკოზისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ბაროზუსადმი მიხეილ სააკაშვილის წერილზე საუბრობდა, რომელშიც ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოყენებაზე.

შესაძლოა, მკითხოთ, «2012 წელს ხომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ სააკაშვილის მიერ აღებულ ვალდებულებებს დღესაც აქვს ძალაო?». აქვე განვმარტავ: იმიტომ, რომ ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფოს ადრე აღებული ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს. ასევე იმიტომ, რომ 2012 წელს საქართველოს ახალმა - «ქართული ოცნების» მთავრობამ ეს ცალმხრივი ვალდებულება დაადასტურა პარლამენტში მიღებული რეზოლუციით, რომელშიც პირდაპირაა ნათქვამი, რომ «საქართველო ადასტურებს მისი პრეზიდენტის მიერ 2010 წელს აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენების თაობაზე».

ანუ, საქართველოს უკვე აღებული აქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელიც ზუსტად ისეთივე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია, როგორიც ორმხრივი შეთანხმება იქნებოდა. რომელიმე გათვითცნობიერებულმა აფხაზმა ან ოსმა კრიტიკოსმა შეიძლება, იკითხოს: «მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვაღიარებდეთ საერთაშორისო სამართლის ამ ინსტრუმენტს? ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერო-ს წევრი სახელმწიფოები არ არიან, აღიარების არარსებობის პირობებში ჩვენთვის ხომ აქსიომა არაა, რომ საქართველოს მიერ ამა თუ იმ ვალდებულების ცალმხრივად აღება ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და ჩვენთვის მისაღები უნდა იყოსო?». კარგი კითხვაა. მაგრამ მასზე პასუხი სოხუმისა და ცხინვალისთვის არასახარბიელოა. რეალურად, სოხუმი არა მარტო აღიარებს ცალმხრივი ვალდებულებების ფაქტს, არამედ თავადაც აქვს აღებული თბილისის მიმართ ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება. კერძოდ, 2010 წელს პრეზიდენტმა ბაღაფშმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მისწერა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიერ ცალმხრივად აღებული შესაბამისი ვალდებულების საპასუხოდ აფხაზეთიც კონფლიქტის გადასაჭრელად მხოლოდ მშვიდობიან გზებს გამოიყენებს. და სხვათა შორის, გაერო-ს გენმდივნისთვის ამ წერილის მიწოდებაში აფხაზურ მხარეს გაერო-ში რუსეთის ფედერაციის ოფისის წარმომადგენლები დაეხმარნენ.

ასე, რომ თბილისმაც და სოხუმმაც ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება დიდი ხანია, აიღეს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს განცხადებები ზუსტად ისევე ავალდებულებთ მხარეებს, დაიცვან ეს ვალდებულება, როგორც ერთობლივი დოკუმენტი დაავალდებულებდათ. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ერთობლივი დოკუმენტის გაფორმებით თბილისი სოხუმის დამოუკიდებლობას აღიარებდა.

ამგვარად, სულაც არ არის ძნელი მისახვედრი, რომ მსგავსი ორმხრივი დოკუმენტების გაფორმების არც საფუძველი არსებობს, არც აუცილებლობა და საკითხი რეალურად, დიდი ხანია, დახურულია.

მაშ რატომ ხდება, რომ ყოველ ჯერზე თბილისთან ურთიერთობებზე საუბრისას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები თბილისისგან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ, თუკი საქართველოს მსგავსი ვალდებულება უკვე აღებული აქვს? ამის ერთადერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოთხოვნის დაყენებით მათ ან იმ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების ბლოკირება სურთ, რომლებიც მათ ინტერესებში არ შედის, ან უბრალოდ უგუნურებად თვლიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე თბილისის დაყოლიებით ჩვენი საერთაშორისო აღიარების მიღწევას ლამობენ. ასეა თუ ისე, რუსი, აფხაზი და ოსი პოლიტიკოსები თვალთმაქცობენ — ცდილობენ, მოატყუონ საკუთარი თავიც, თავისი საზოგადოებებიც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომელიც მშვენივრად ერკვევა საკითხის ნიუანსებში და, რაღა თქმა უნდა, არ ტყუვდება.

გამოდის, რომ საქმე გვაქვს რაღაც თამაშთან. და დიდი ეჭვი მეპარება, ეს თამაში ჩვენს მიერ იყოს ჩაფიქრებული.

კრისტინა ავიძბა

_________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები