სოხუმი ენგურზე ე.წ. საზღვრის გახსნის ინიციატივით გამოდის

14-04-2021 13:50:28 კონფლიქტები

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურზე გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

ამ ეტაპზე საუბარია გადაადგილების დაშვებაზე მხოლოდ გალის რაიონის მოსახლეობისთვის.

შესაბამისი ინიციატივა თათბირზე რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ გააჟღერა.

«[ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან — რედ.] ისმის საუბრები «საზღვრის გადათხრის, ან დანაღმვის, სამუდამო ჩაკეტვის აუცილებლობაზე». ეს სრულიად გაუგებარი მიდგომაა. ეს შეიძლება, იმან თქვას, ვისაც წარმოდგენა არ აქვს რეალობაზე. ჩვენ კი, თუ ვინმეს რაიმე არასწორად აქვს აღქმული, ვსაუბრობთ საზღვრის გახსნაზე მხოლოდ გალელებისთვის. ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველამ უკვე პირადად გავიცანით, რომლებსაც უკვე ყველა ვიცნობთ, იცნობენ შესაბამისი სამსახურები. აქ აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 1992-93 წლების ომთან, დარჩენილები არიან მხოლოდ ისინი, ვისაც იარაღი არასოდეს სჭერია ხელში. ეს ადამიანები ჩვენთან ერთად ცხოვრობენ აფხაზეთში, თავის საგვარეულო სახლებში. რაშია პრობლემა, რომ მათთვის გადაადგილება დავუშვათ? ან თუ ხელბარგში რაიმეს გადმოიტანენ — პროდუქტს, მაგალითად, რა პრობლემას გვიქმნის ეს, გამაგებინეთ? ეს ხომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოწმდება? ჩვენი პარლამენტი, სხვა შესაბამისი სამსახურები იმისთვის არსებობენ, რომ დაადგინონ, რისი გადმოტანა შეიძლება, რისი — არა და მორჩა, მე სხვა ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველანი გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთში: ამ ადამიანებს ჰყავთ ნათესავები, ახლობლები ენგურს იქით, სჭირდებათ მათთან ურთიერთობა და ა.შ. ერთადერთი, უნდა დავაკვირდეთ ეპიდვითარების დინამიკას და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება» - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაშელებმა მდინარე ენგურიდან ოთხი ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ენგურის გადმოცურვით ცდილობდნენ.

5–დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ გალის მკვიდრები და განმარტავდნენ, რომ რეგულაცია მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ხშირად მხოლოდ ორიოდე დღით ესაჭიროებათ სხვადასხვა საჭიროებებისთვის ზუგდიდში გადმოსვლა. ამ მოთხოვნით ქვეყანაში რამდენიმე აქცია გაიმართა.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის 5–დღიანი კარანტინი იხსნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები