დვინიანინის მორიგი პერფორმანსი, როგორც რუსეთის მორიგი უხეში ჩარევა აფხაზეთის შიდა საქმეებში

15-06-2021 15:43:08 კონფლიქტები

“არც ჭკუა, არც სიმართლე, არც ჭეშმარიტი ძალა, არც ერთი ცოცხალი იდეა!.. მაშ რის წყალობით გვმართავენ? ახსნა ერთია – ჩვენი სიბეცის წყალობით”... ეს ჩემი სიტყვები არაა, ვასილი შუკშინის ციტატაა, მაგრამ ის საუკეთესოდ ერგება მდგომარეობას, რომელიც ჩვენსა და ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და, რაც მთავარია, სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს შორის ურთიერთობებში ჩამოგვიყალიბდა. წლიდან წლამდე რუსეთისგან სხვადასხვა “რჩევები”, «სურვილები» და ბევრი სხვა აბსურდული რამ გვესმის, თუმცა არ ვრეაგირებთ – თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს. არადა, ეს თავხედური დამოძღვრა ყოველ ჯერზე ეხება თემებს, რომლებთანაც რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს და აპრიორი არც უნდა ჰქონდეს. ეს პირდაპირი ჩარევები სხვა არაფერია, თუ არა ერთი სახელმწიფოს შეჭრა მეორეს შიდა საქმეებში. ზოგიერთი რუსი ჩინოსნები კი ამას თითქოს არ იმჩნევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აფხაზეთში ალექსეი დვინიანინი, რომელიც დროდადრო ერთგვარ პერფორმანსებს გვიწყობს. არადა, ვის-ვის - და უმაღლესი რანგის დიპწარმომადგენელს საუკეთესოდ მოეხსენება ის დიპლომატიური ჩარჩოები, რომელთა დარღვევაც დაუშვებელია. თუმცა იმის გამო, რომ აფხაზური მხარე მის გამოსვლებთან დაკავშირებით არაფერს მოიმოქმედებს, დვინიანინიც აგრძელებს მოქმედებას ისე, როგორც მოესურვება.

მსგავსი ქცევით აფხაზური საზოგადოების პირველი სერიოზული შეშფოთება ელჩმა სახელმწიფო ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუთი გამოიწვია. “აფხაზი და რუსი ხალხების ურღვევი მეგობრობის” შესახებ დითირამბებს შორის ელჩმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით და აფხაზეთის როგორც სამართალდამცველი, ისე სასამართლო სისტემები ნეგატიურად წარმოეჩინა. «როგორც წესი, აფხაზეთის სასამართლო სისტემა, აღმაშფოთებელი ფაქტების მიუხედავად, მათზე თვალს ხუჭავს, თუკი დანაშაული აფხაზეთის მოქალაქეების მიერაა ჩადენილი», - განაცხადა დვინიანინმა რუსეთის მოქალაქე სურიგინას გაუპატიურების საქმეზე საუბრისას. გარდა ამისა, ელჩმა აფხაზეთის ხელმძღვანელობა “პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში წამყვან თანამდებობებზე ეთნიკური რუსების არარასებობის”, “აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების სირთულისა” და რიგი სხვა საკითხების გამო გააკრიტიკა.

მოგვიანებით დვინიანინს გაკვრით უპასუხა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომლის თქმით, აფხაზეთის მოქალაქე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უკვე დასჯილია, თუნდაც ელჩს სასჯელი არ აკმაყოფილებდეს. სულ ეს იყო. რუსი ელჩის თავხედურ გამოსვლას არც ერთი სხვა სახელმწიფო მოხელე თუ უწყება არ გამოჰხმაურებია, მათ შორის – არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, – აქაოდა, რაკი ვდუმვართ, არც არაფერი მომხდარაო.

ალექსეი დვინიანინმა, რომელიც, როგორც ჩანს, აფხაზეთში თავს აბსოლუტურ ძალაუფლებად მიიჩნევს, რამდენიმე დღის წინ მორიგი მაშოკირებელი განცხადებები გააკეთა. სააგენტო Sputnik-ის ბაზაზე გამართულ ვიდეოხიდ მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის მსვლელობისას მან კვლავ მისცა საკუთარ თავს აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში ჩარევის უფლება. ამჯერად საქმე სახალხო კრებას-პარლამენტს ეხებოდა. დვინიანინმა დაიწყო ინვესტიციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც “აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებში მსხვილი რუსული ინვესტიციების განხორციელებას ზღუდავს”. არსობრივად, ელჩმა განაცხადა, რომ კანონი ძალიან უშლის ხელს რუსეთს, აფხაზეთს ელექტროენერგეტიკის დარგი წაართვას. «აფხაზეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახით სერიოზულად დაკავდა ამ პრობლემის მოგვარებით. თავად პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, ვიცე-პრემიერი/ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანიც რეგულარულად აწარმოებენ რუს კოლეგებთან და მსხვილ რუსულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ამ საკითხის დაჩქარებული წესით გადასაჭრელად», - აღნიშნა მან და მოუწოდა აფხაზურ პარლამენტს, «არ შეუშინდეს» პასუხისმგებლობის აღებასა და “ეკონომიკის განვითარებისა და შესაბამისად, მთელი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ამ საკვანძო საკითხის” გადაჭრაში აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერას. რუსი ელჩის თქმით, შესაბამისი წინადადებები დიდი ხანია, გადაეცა აფხაზურ მხარეს და ახლა მცირედია დარჩენილი – პარლამენტის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც აფხაზეთისკენ რუსული ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადი წამოვა და ყველანი ბედნიერად დავიწყებთ ცხოვრებას.

როცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვწერდი, რომ რუსები აფხაზებისთვის ენერგეტიკის წართმევას ცდილობენ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამატარეს, ლამის მოღალატედ გამომაცხადეს, მაგრამ ახლა რას იტყვით, ბატონო კრიტიკოსებო?! ახლა ხომ ეს უკვე არა ACCENT-ისგან, არამედ თავად ელჩისგან მოვისმინეთ! რუსმა დიპლომატმა კარტი გახსნა. და საპასუხოდ რა? - როგორც ყოველთვის, დუმილი. აფხაზეთის არც პარლამენტი, არც მინისტრთა კაბინეტი გამოჰხმაურებია ელჩს, რომელმაც თავს უფლება მისცა, არა იმდენად აფხაზი დეპუტატებისთვის მიეცა რჩევა, რამდენადაც თავად კრემლის შენიღბული ბრძანება გაეჟღერებინა.

«ამ ელჩმა ელემენტარული წესები არ იცის, თუ რაშია საქმე? როგორ მისცა თავს მსგავსი განცხადებების კეთების უფლება?! ეს არა მხოლოდ უპატივცემულობაა, არა მარტო არაკორექტული, არამედ დიპლომატიის ყოველგვარ საზღვრებსაც სცდება! დვინიანინი პერსონა ნონ-გრატად უნდა გამოცხადდეს და წერტილი!», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი რადა. მისი შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი გამოსვლის დასრულებისთანავე ელჩს საგარეო უწყებაში დაიბარებდნენ და საკადრის ადგილს მიუჩენდნენ. «ჩვენ კი ვდუმვართ. დავიჯერო, ამ დონემდე ცუდადაა ჩვენთან საქმე და უკვე იმდენად დაგვიმონეს რუსებმა, რომ ვიღაც ელჩსაც კი აქვს უკვე უფლება, ასე გვესაუბროს?!», - წუხს ჩვენი თანამოსაუბრე.

კიდევ ერთი რესპონდენტი - რევაზი დარწმუნებულია, რომ ელჩს იმ სიტყვებისთვის არავინ დასჯის, რადგან აფხაზეთის ხელისუფლება ამის გამო რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას თავს აარიდებს. «შიგნით სრული ქაოსი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი შიდა პრობლემაა და ჩარევის უფლება არავის აქვს, მით უფრო – რუსეთის ელჩს. აქაოდა, “გული შემტკივა თქვენზეო”, არადა, ამ ფონზე პირობით რუბლად აფხაზეთისგან ყველაზე ძვირფასის ყიდვა სურთ და ამას უტიფრად უკვე ღიად ამბობენ! რუსების თავხედობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდა და ეს უნდა შევაჩეროთ!», - თვლის რევაზი.

«აფხაზეთს არცთუ ბევრი რესურსი დარჩა ისეთი, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებლობას გვინარჩუნებს. ენერგეტიკა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი დარგია. და რამდენადაც მესმის, ჩვენმა ხელისუფლებამ იგი რუსეთს უკვე პრაქტიკულად ჩააბარა. რჩება მხოლოდ პარლამენტი და ახლა მთელს იმედებს მასზე ვამყარებთ. თუმცა ვშიშობ, ეს არასაკმარისია და უახლოეს მომავალში ბევრად უფრო დავსუსტდებით, რუსეთი კი მიიღებს კიდევ ერთ ბერკეტს ჩვენზე ზეწოლის გასაძლიერებლად. რა დგას რიგში – მიწები?», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე მაქსიმი. მისი აზრით, ჰარმონიზაციის საფარქვეშ რუსების მიერ აფხაზეთის მცოცავი შთანთქმა უკვე დამასრულებელ სტადიაშია და ეს აფხაზ ხალხს ყველაზე გლობალური კატასტროფის საფრთხეს უქმნის, რომლის იქითაც უკვე ეროვნული იდენტობის დაკარგვაა.

ელჩს თავის გამოსვლაში მხოლოდ ენერგეტიკის სფეროზე არ უსაუბრია, მან ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო დარგებიც ახსენა. დიპლომატმა ღიად განაცხადა ის, რის დამალვასაც რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა. აფხაზეთი თავისი მცირე, თუმცა ძალზე პერსპექტიული მონაპოვარით ყოველთვის მსუყე ლუკმას წარმოადგენდა რუსებისთვის და მათ საბოლოოდ მიაგნეს ხერხს, სამუდამოდ ჩაიგდონ იგი ხელში.

სამწუხაროა, რომ ჩვენ – ომგამოვლილები, ათას უბედურებაგადატანილები, ვინც თავისუფლება საუკეთესოთა სისხლის ფასად მოვიპოვეთ, დღეს მზად ვართ, უარი ვთქვათ საკუთარ სამშობლოზე ამწუთიერი ინტერესების გამო.

კრისტინა ავიძბა

______________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები