აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის "ელჩის" თავხედობას ხისტად უპასუხა

17-06-2021 16:59:59 კონფლიქტები

აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის ე.წ. ელჩს მკვეთრი განცხადებით უპასუხა. საქმე ეხება ალექსანდრე დვინიანინის ამასწინანდელ გამონათქვამებსა და დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოსადმი მოწოდებას, "გამბედაობა გამოიჩინოს და აიღოს პასუხისნგებლობა აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მიზასიდად ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის მიმართულებით".

ამ თემაზე თავხედური განცხადებების კეთების უფლება დვინიანინმა თავს ორიოდ დღის წინ, სააგენტო "სპუტნიკ-აფხაზიას" ბაზაზე გამართული მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის ვიდეოხიდის «რუსეთის როლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებაში" მსვლელობისას მისცა. მან მოუწოდა აფხაზ "დეპუტატებს", "მხარი დაუჭირონ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობას აფხაზური ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში რუსული ინვესტიციების მისაზიდად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში".

"სადეპუტატო კორპუსი გაოგნებულია ელჩ ალექსანდრე დვინიანინის განცხადებების გამო. ვიმედოვნებთ, მას არ ჰქონია იმ სახელმწიფოს [აფხაზეთის - რედ.] საკანონმდებლო ორგანოს დისკრედიტაციის მიზანი, რომელიც მრავალი წელია, ამტკიცებს დამოუკიდებლობის იდეისადმი ერთგულებას" - ნათქვამია აფხაზური "პარლამენტის" საპასუხო განცხადებაში.

ამასთან, "დეპუტატები" აღნიშნავენ, რომ "ელექტროენეგეტიკის შესახებ" 2017 წელს მიღებული კანონი აფხაზეთის ენერგოსისტემაში უცხოური უნვესტიციების დაბანდებას არ ზღუდავს და შესაბამისად, შეცვლას არ საჭიროებს.

გაკვირვებას გამოთქვამს აფხაზური "პარლამენტი" დვინიანინის იმ განცხადების გამოც, რომ "აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მიზიდვის კუთხით პოლიტიკური პრობლემები დაძლეულია და არსებობს პრეზიდენტისა და მთავრობის ნება, ამ კუთხით არსებული ყველა საკანონმდებლო შეზღუდვა მოიხსნას".

"გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი პოლიტიკური ხასიათის პრობლემების შესახებ, რომელიც ვითომდა ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას. დარწმუნებულები ვართ, რომ აფხაზური კანონმდებლობა, რომელიც საინვესტიციო საქმიანობას არეგულირებს, სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს», – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, "დეპუტატები" მიუთითებენ, რომ "საინვესტიციო პროექტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მრავალეროვანი აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს".

«ვითარების იმგვარად წარმოჩენა, თითქოს რუსული ინვესტიციების არარსებობის მიზეზი აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქმიანობაა, ჩვენი აზრით, ძირშივე არასწორია და ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ ყოველთვის მადლიერებით ვსაუბრობთ რუსეთის ფერედაციის როლზე, რომელმაც 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო», – დასძენენ "დეპუტატები".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები