„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით კომისია შეიქმნა

21-06-2021 12:35:39 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით” სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებლ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას.

"სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.

წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე.

პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღნიშნავს, წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დისკუსია, დიალოგი, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

"იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უმწვავესი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა და ქვეყანა ახალი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, ამ მიმართულებით აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიული და კიდევ უფრო ეფექტიანი ქმედითი კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ დეოკუპაციის სტრატეგიაში, რომელსაც შეიმუშავებს ეს კომისია, იქნება გაწერილი ყველა ეს ძირითადი მიმართულება. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით მოხდეს ეს და შევქმნათ განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. ის იქნება ორი პარალელური მიმართულებით, ერთი – რა თქმა უნდა, დეოკუპაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები და მეორე – ჩართულობის კუთხით, ოკუპაციის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების გაზიარების თვალსაზრისით, რომელიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. სწორედ ამის მოლოდინი არსებობს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათთან ერთად შევძლებთ, უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ვთარგმნოთ დეოკპაციის სტარტეგიაში ასახული ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები