რუსეთი აფხაზური ენერგეტიკის მისაკუთრებას ყველა გზითა და ხერხით ცდილობს

23-06-2021 16:57:17 კონფლიქტები

აფხაზეთში რუსეთის ელჩის გამონათქვამების ირგვლივ აგორებული სკანდალი ამ დრომდე არ ცხრება. და თუ პირველ დღეებში საზოგადოება ალექსეი დვინიანინის განცხადებების მანერითა და ტონალობით იყო აღშფოთებული, აფხაზური პარლამენტის საპასუხო განცხადების შემდეგ აჟიოტაჟი მხოლოდ გამძაფრდა.

საქმე ამასწინანდელი ვიდეოხიდის «მოსკოვი-ცხინვალი-სოხუმი» ფარგლებში რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების თემის განხილვისას დვინიანინის მიერ აფხაზური პარლამენტისადმი მიმართვას ეხება. ელჩმა დეპუტატებს მოუწოდა, «შეწყვიტონ შიში და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღონ».

პარლამენტის განცხადება მართალია, დაგვიანებული, მაგრამ მაინც ერთადერთი საპასუხო რეაქცია აღმოჩნდა აფხაზური სახელმწიფოს მხრიდან მის შიდა საქმეებში ესოდენ უცერემონიო ჩარევაზე.

რიგითი მოქალაქეების გარდა, რომლებიც ელჩის უტიფარი ქცევით აღშფოთებას ვერ მალავდნენ, პარლამენტის გარდა, ხმა არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას არ ამოუღია.

თუმცა სკანდალი, რომელიც ამ დრომდე არ ცხრება, ელჩის მხრიდან მხოლოდ პარლამენტისადმი პრეტენზიით გამოწვეული როდია. არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზად იქცა დვინიანინის ფრაზა აფხაზეთის ხელისუფლების გარკვეულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთთან კანონდებლობის ჰარმონიზაციასა და ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეს. ნებსით თუ უნებლიედ, დვინიანინმა აფხაზურ საზოგადოებას გაუმხილა საიდუმლო იმის შესახებ, რომ «თავად პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ასევე პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს რეგულარული მოლაპარაკებები აქვთ რუს კოლეგებთან აღნიშნული საკითხების დაჩქარებული წესით გადასაჭრელად».

ამ ცნობამ საზოგადოება შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო, ვინაიდან საქმე, არც მეტი, არც ნაკლები, სტრატეგიულ დარგებს — ენერგეტიკას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას ეხება.

«რუსებს სჭირდებათ ჩვენი ენერგეტიკა. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მათ სულ არ აინტერესებთ — ეს მხოლოდ თვალის ახვევაა. რეალურად, მათ ჩვენი ენერგეტიკის დასაკუთრება სურთ და ამას «აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებლობად», თანაც ჩვენი მოქალაქეების «კეთილდღეობაზე ზრუნვად» წარმოაჩენენ. ხედავთ, რა ჭკვიანები არიან რუსები?! ჩვენ კი ვსხედვართ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ჩვენი მთავრობა რაღაც ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი ირმა.

საზოგადოების ესოდენ მწვავე რექცია გამოწვეულია უპირველესად, იმით, რომ რუსეთი აფხაზური სახელმწიფოს ამ უმნიშვნელოვანესი შემადგენლის — ენერგეტიკის დაუფლებას ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს. მოსკოვი არაფერს ერიდება მისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად - აფხაზური ენერგეტიკის ერთპიროვნული მეპატრონე გახდეს. თავად აფხაზეთში კი მოსახლეობის უმრავლესობა ენერგეტიკის დარგს ხელშეუხებლად მიიჩნევს და შესაბამისად, ენერგოობიექტების გასხვისებას - ტაბუდადებულად. ნებისმიერი, ვინც შესაბამის ინიციატივებს აჟღერებს, სამშობლოს მტრად ცხადდება. არცაა გასაკვირი: ეროვნული ენერგეტიკა ხომ აფხაზეთისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომლის დაკარგვამ შესაძლოა, ისედაც სუსტი სახელმწიფოს საბოლოო განადგურება გამოიწვიოს.

«ენერგეტიკა ეკონომიკა არაა, ენერგეტიკა სახელმწიფოს სტრატეგიული დარგია და მისი კონტროლის ხარისხი ენერგოუსაფრთხოების შენარჩუნების ზღვრული მაჩვენებლების მიხედვით განისაზღვრება. ამ ზღვრამდე ენერგეტიკა — ეს უპირველესად, პოლიტიკაა და მხოლოდ შემდეგ ეკონომიკა. ჩვენთან კი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური ვითარების, ასევე ენერგორესურსების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ენერგეტიკა — ეს მხოლოდ პოლიტიკაა! ეროვნული ენერგეტიკის დაკარგვა (იქნება ეს მაგისტრალური ხაზები თუ გენერირების ობიექტები) მომაკვდინებელ დარტყმად იქცევა აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს სტრუქტურის საკვანძო საყრდენის რღვევა და სახელმწიფოს მშენებლობის მოდერატორების სრული კრახი», - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელი Tengiz Dzhopua.

თავად რუსეთის ელჩმა ვიდეოხიდის მსვლელობისას რიგი არგუმენტები მოიყვანა, მათ შორის — ის, რომ აფხაზეთში მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვები თურმე, ძალიან უშლის ხელს რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადის შედინებასა და, როგორც შედეგი, აფხაზური სახელმწიფოს ფეხზე დადგომას. «სამწუხაროდ, და ეს საიდუმლო არავისთვისაა, რუსი ინვესტორების უმრავლესობისთვის ინვესტიციების სფეროში მოქმედი კანონები, პირდაპირ ვიტყვი, ზღუდავს მსხვილ პირდაპირ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებში. ეს, უპირველესად, აფხაზური ენერგოსისტემის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების კუთხითაა აქტუალური», - განაცხადა დვინიანინმა.

რეალურად კი, ეს თვალთმაქცობა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან მოქმედი აფხაზური კანონმდებლობა არანაირად არ ზღუდავს ინვესტორებსა და მათი ინვესტიციების მოცულობას. პირიქით, მათთვის აფხაზეთში საგრძნობი პრეფერენციებია გათვალისწინებული. ასე, რომ ელჩს, როგორც ჩანს, ენერგოობიექტების პირდაპირი გასხვისება ჰქონდა მხედველობაში, რასაც, როგორც ცნობილია, აფხაზური კანონმდებლობა მართლაც კრძალავს და ეს გადაწყვეტილება პარლამენტს რუსეთთან «ჰარმონიზაციებისა» და «ინტეგრაციების» ინიციატივების გაჩენამდე ბევრად ადრე ჰქონდა მიღებული.

«თავის დროზე ამ აკრძალვის შემოღება ჩვენს პარლამენტს ძვირი დაუჯდა. რა სახის სპეკულაციები აღარ გაჟღერდა მაშინ, მაგრამ დეპუტატებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და ამის წყალობით დღემდე გვაქვს (მართალია, ისეთი, როგორიცაა, მაგრამ მაინც) ჩვენი ენერგოსისტემა. ახლა კი რუსების ხუშტურის საფუძველზე ჩვენ ყველაფერი მათ უნდა გადავცეთ?! მომკალით და ეს დამოკიდებულება სტრატეგიულ პარტნიორობასა თუ მოკავშირეობასთან ახლოსაც არ მდგარა! ეს ყველაფერი შთანთქმას უფრო ჰგავს!», - დარწმუნებულია ჩვენი რესპონდენტი ასლანი.

ყველაზე მეტად გასაკვირი კი ისაა, რომ რუსეთის მოთხოვნებზე აფხაზეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ვითომდა «თანხმობის» შესახებ ელჩის ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, პარლამენტისთვის არც ერთი მსგავსი ინიციატივით არც ასლან ბჟანიას მიუმართავს, არც ალექსანდრე ანქვაბს. ასე, რომ აქ ბ-ნმა ელჩმა მიზანს აშკარად ააცილა. და ერთადერთი, რაც კაცმა შეიძლება, იფიქროს, ისაა, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის გზა-კვალის აბნევას ცდილობენ, რათა სანამ ხალხი გაერკვევა, რუსეთმა დასახული გეგმა განახორციელოს – დიდი ენერგეტიკული ჯაჭვის იმ ერთადერთ ნაწილსაც დაეუფლოს, რომელიც მას ჯერ არ ეკუთვნის.

ჯერ-ჯერობით მართალია, ზანტად, მაგრამ მოვიგერიეთ რუსეთის ზეწოლა. დიდი იმედი მაქვს, ამ საკითხის დადებითად გადაჭრაში დაინტერესებულმა პირებმა დასკვნები გამოიტანეს. აფხაზური ენერგეტიკა არ იყიდება! არ გვსურს, გავიმეოროთ სომხეთის ბედი, რომელიც ეროვნული ენერგეტიკის გასხვისების შემდეგ იძულებული გახდა, რუსეთის წინაშე მუხლი მოედრიკა.

მოსკოვმა სოხუმს დასახული ამოცანების გადასაწყვეტად დრო 1 ივლისამდე მისცა (კონკრეტული თარიღი განსაზღვრულია შესაბამის დოკუმენტში, რომლის ასლმა ამასწინათ სოცქსელებში გაჟონა). დიდი იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებელი პირები გონიერებასა და პატრიოტიზმს გამოიჩენენ. არ ღირს, რუსეთს დავუხაროთ თავი ჩვენი სამშობლოსა და ხალხის განადგურების ფასად. 28 წლის წინ ხომ რუსებისთვის არ გვიომია და არც აფხაზეთი გვიშენებია მათთვის!

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები