აფხაზი საზოგადო მოღვაწეები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის დაგეგმილ გადაცემას აპროტესტებენ

07-07-2021 18:11:11 კონფლიქტები

აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეებმა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წერილით მიმართეს, რომელშიც "პიცუნდის" სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე ამახვილებენ ყუურადღებას. დოკუმენტში ამ გადაწყვეტილების ეკოლოგიური, ეკონომიკური და იურიდიული ექსპერტიზების ჩატარების აუცილებლობაა აღნიშნული.

«2021 წლის 27 აპრილს აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრებას მინისტრთა კაბინეტის დადგენილება წარედგინა რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, რომელიც რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის საკუთრებაში "პიცუნდის" ("ბიჭვინთის" - რედ.) სახელმწიფო აგარაკის გადაცემას ითვალისწინებს. აგარაკის ტერიტორიის მასშტაბების (184 ჰექტარი), ამ მიწის განსაკუთრებული ეკოლოგიური და კლიმატური ფასეულობის, მიმდებარე აკვატორიის განსაკუთრებული ჰიდროლოგიური მახასიათებლებისა და ლძაა-ნიხას ეროვნული სიწმინდის სიახლოვის ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია, მოლაპარაკებების დაწყებამდე დოკუმენტმა რამდენიმე ექსპერტიზა გაიაროს, მათ შორის - ობიექტის გადასაცემად საკუთრების ოპტიმალური ფორმის შესარჩევად, ასევე ეკოლოგიური, ეკონომიკური და იურიდიული კუთხით. აფხაზეთის განსაკუთრებით ფასეულ მიწებზე არსებული ობიექტების გასხვისების საკითხი ყოველთვის იწვევს საზოგადოების მკვეთრ რეაქციას. თუ შეთანხმებას წინასწარი ყოველმხრივი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე მოეწერება ხელი, ამან შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოგვიტანოს, შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ჩათვლით.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხის მთელი სენსიტიურობის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოლაპარაკებების დაწყებამდე და მხარეების მიერ დოკუმენტის ხელმოწერამდე გასცეთ შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარების განკარგულება. აფხაზურ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნები პასუხისმგებლობიან მიდგომასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების ღრმა გათვითცნობიერებაზე იქნება დაფუძნებული. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ სტრატეგიულ პარტნიორთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, რადგან მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა გაზრდის მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას და გამორიცხავს საშიშ პოლიტიკურ სპეკულაციებს», – ნათქვამია ასლან ბჟანიასადმი მიმართვაში.

წერილს 29 საზოგადო მოღვაწე აწერს ხელს, მათ შორის - ციზა გუმბა, ნოდარ ცვიჟბა, ნადეჟდა ვენედიქტოვა, ინალ ხაშიგი, რუსლან გაბლია, ადგურ ძიძარია, ალხას ტხაგუშევი და დიმიტრი გაბელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები