სოხუმი: "არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ვაქცინით უზრუნველყოფაზე უარი გვითხრა"

16-07-2021 14:13:56 კონფლიქტები

აფხაზი "დეპუტატების" ინფორმაციით, მოსკოვმა სოხუმს რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" მიწოდებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ დღეს აფხაზური დე ფაქტო პარლამენტის სოციალური პოლიტიკის, შრომისა და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალხას ჯინჯოლიამ განაცხადა.

«მაშინ ალბათ, ალტერნატიული გზები უნდა ვეძებოთ. შეგვიძლია, მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ნუ ვაკრიტიკებთ მათ: სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უზრუნველჰყვეს გასულ წელს აფხაზეთი სადეზინფექციო, სახარჯი და სხვა სამედიცინო მასალების უზარმაზარი რაოდენობით. მაშინ ჩვენ მადლიერება გამოვხატეთ მათ მიმართ და მათი დახმარების წყალობით საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავიტანეთ თავი" - განაცხადა ჯინჯოლიამ და დასძინა, რომ ვაქცინის მისაღებად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას თავადაც გეგმავს.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დააიმედა მოსახლეობა, რომ რუსეთის მიერ "სპუტნიკის" მორიგი პარტიის მიწოდების საკითხი სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში გადაიჭრებოდა.

ადრე აფხაზურმა მხარემ ვაქცინაციის კუთხით თბილისის დახმარებაზე უარი განაცხადა, თუმცა გასული თვის ბოლოს, როცა ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ვითარებამ მკვეთრად დაიწყო დამძიმება, სოხუმმა გალის რაიონის მაცხოვრებლებს ვაქცინაციის ენგურს გადაღმა გავლა შესთავაზა. ამ მიზნით 5 ივლისიდან დე ფაქტო საზღვრის კვეთა გაამარტივეს.

ამ დროისთვის აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 19 595 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 272 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 16050. რუსული "სპუტნიკით" ვაქცინაცია გავლილი აქვს 6398 მოქალაქეს, თუმცა მეორე კომპონენტის მიღება მარაგის ამოწურვამდე მათგან მხოლოდ 4047-მა მოასწრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები